ბათუმში, ელიავას #21- ში მშენებარე კორპუსის მომავალი მესაკუთრეები მშენებელ კომპანიას უჩივიან. მათი თქმით, შპს „სწრაფ მშენებელი ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა მშენებარე კორპუსში ბინები გაყიდეს, შემდეგ კი მშენებლობა გააჩერეს.
„პერიოდულად გამოჩნდებიან, თითქოს რაღაცას აკეთებენ. შემდეგ ისევ ჩერდებიან. დირექტორი ყოველ ჯერზე გვპირდება, რომ 2 თვეში დაასრულებს, თუმცა უშედეგოდ.
კორპუსში წყალი ჩამოდის, სახურავიც კი არ არის დასრულებული, სახლი ცუდ მდგომარეობაშია, მალე ავარიულ კორპუსად იქცევა. ძალიან ვნერვიულობთ“ – ამბობენ მესაკუთრეები, რომლებმაც ფული გადაიხადეს, თუმცა ბინები დღემდე ვერ მიიღეს.
ელიავას #21-ში, ბათუმის ახალ ბულვართან ახლოს, ზღვიდან ერთ კილომეტრში მრავალბინიან კორპუსს „სწრაფ მშენებელი ჯგუფი“ აშენებს. შენობის კარკასი უკვე დასრულებულია. ფასადი მოპირკეთებული არ არის, მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს შიდა სივრცეშიც.
კორპუსში ლიფტი ახლახან დაუმონტაჟებიათ, თუმცა ჯერ ჩართული არ არის. ეზოში და ზოგიერთი სართულის იატაკზე წყალი დგას – აქ ამბობენ, რომ წყალი სახურავიდან ჩამოდის.
„ბათუმელების“ ადგილზე ყოფნის დროს ადგილზე მუშები ფასადის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდნენ. ბინის მეპატრონეებმა გვითხრეს, რომ მშენებელმა მუშები საგანგებოდ მოიყვანა, რომ ეჩვენებინა საქმიანი პროცესი ადგილზე: „გაიგო, რომ აქციას ვგეგმავდით, ტელევიზია უნდა მოგვეყვანა და თითქოს მუშაობს“.
ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის, თამარ აფაქიძის თქმით, რამდენიმე თვის წინ კომპანიასთან შეთანხმებით საკუთარ ბინაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ სახურავი დასრულებული არ არის, ბინაში წყალი ჩამოვიდა და კედლები დაზიანდა. მისივე თქმით, ყოველი გაწვიმებისას პარკინგის ნაწილშიც წყალი დგება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს სახლი დასრულდეს. ლტოლვილი ვარ და სხვა ბინა არ გამაჩნია, ქირით ვცხოვრობ. სამი წელია ველოდები, რომ შემიშვან ბინაში. 2020 წელს ვიყიდე და ხელშეკრულების მიხედვით და უნდა ჩამბარებოდა 2022 წლის დეკემბერში. დღემდე ვერ შევედი სახლში, სახურავი არა აქვს, ლიფტი არ არის, ბინაში წყალია, რაც გავაკეთე გამიფუჭდა ყველეფერი. რას გვეუბნება? – ხვალ გავაკეთებ, ზეგ გავაკეთებ, 2 კვირაში გავაკეთებ, 3 კვირაში გავაკეთებ…. რემონტი გამაკეთებინეს, ჩემი თანხით ჩავსვი შუშა, დენი ჩემი ფულით შევიყვანე, წყალიც შევიყვანე, მაგრამ ბინაში ვერ შევდივარ, იმიტომ რომ ვერ აკეთებენ კანალიზაციას. „ხვალ-ზეგ, ხვალ-ზეგ“ და მოვიდა 2025 წლის მაისი. როცა მე შევიძინე საძირკვლის სამუშაოები იყო დაწყებული. 2022 წელს მივწერე კომპანიას, რემოტის დაწყება თუ შემიძლია მეთქი, მითხრეს – მობრძანდით და გააკეთეთო. გაფუჭდა ყველაფერი, ნესტმა შეჭამა“ – ამბობს თამარ აფაქიძე.
„2 წლის ბავშვი მივატოვე, წავედი საზღვარგარეთ და ვიშრომე, რომ რამე გავაკეთო-მეთქი, მაგრამ ჩემი შრომა წყალში ჩაიყარა.
ქირით ვცხოვრობ რამდენი ხანია, ახლა ქირის გადახდის საშუალებაც აღარ მაქვს, სად წავიდე? ვის მივმართოთ უკვე არ ვიცი, მე გასულ წელს შევიძინე, 20 000 დოლარი გადავიხადე, პატარა სტუდიოს ტიპის ბინაა, 700 დოლარად მომყიდა კვ.მეტრი, ამ წელს აპრილში აპირებდა დასრულებას“ – ამბობს ნაზიბროლა შაქრიანი.
მომავალ მესაკუთრეებს დაზუსტებული ინფორმაცია არც იმაზე აქვთ, როდის დაიწყო მშენებლობა. მათ შორის რამდენიმე ამბობს, რომ მშენებლობა 2022 წელს დაიწყო, ზოგის ინფორმაციით კი 2020 წელს და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.
იმ მესაკუთრეების ინფორმაციით, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, აქ ერთ კვ.მეტრ ფართობში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასი გადაიხადეს. ერთმა გვითხრა, რომ 2020 წელს, მშენებლობის საწყის ეტაპზე აქ ერთ კვ.მეტრში 350 დოლარი გადაიხადა, შემდეგ წლებში კი 1.კვ.მეტრი აქ 700 დოლარად გაუყიდიათ.
ერთ-ერთი მესაკუთრისთვის შესყიდულ ბინას ვერ იფორმებს, რადგან მშენებელმა ის იპოთეკით დატვირთა, რეესტრის მონაცმებით იპოთეკით არის დატვირთული სხვა ბინებიც.
ადგილზე მოსულმა კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ სახლის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო.
„სახლი ფაქტობრივად დასრულებულია. 2020 წელს კი გაიცა ნებართვა, მაგრამ ჩვენ მშენებლობა 2022 წელს დავიწყეთ რეალურად, რადგან პანდემიამ შეგვიშალა ხელი. სადარბაზო, კიბე, ლიფტი ყველაფერი გაკეთებულია, უახლოს 2-3 თვეში დავასრულებთ აქ ყველაფერს და შევასახლებთ მესაკუთრეებს. ყველაფერს მაღალი ხარისხისას ვაკეთებ და არა უბრალოს, ეს პრემიუმ-ხარისხის ბინაა “ – გვითხრა მამუკა [იაკობ] გორგოშაძემ, რომელიც გაგვეცნო როგორც კომპანიის დირექტორი – „მამუკას მეძახიან, მაგრამ დოკუმენტებში იაკობი ვარო“.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „სწრაფ მშენი ჯგუფი“ 2020 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის ასი პროცენტი იაკობ გორგოშაძეს ეკუთვნის, ის არის კომპანიის დირექტორიც.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მშენებლობის ნებართვა ელიავას #21ა-ში 2020 წელს გასცეს 2022 წლამდე ვადით. ამ ნებართვის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიხედვით შპს „სწრაფ მშენ ჯგუფს“ 1398 კვ.მეტრზე 12-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებინა.
პროექტი 2 ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებდა. ნებართვის მიღების ეტაპზე კომპანიამ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალა და ის არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად დაარეგისტრირა. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ნებართვის მიღებიდან მალევე კომპანიამ პროექტში ცვლილება მოითხოვა. კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობის შემდეგ კომპანიამ აქ 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მიიღო თანხმობა.
დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას განესაზღვრა მშენებლობის ეტაპებიც. დოკუმენტებს ხელს აწერს არჩილ ჩიქოვანი, რომელიც მაშინ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
აქვს თუ არა კომპანიას განახლებული ნებართვა? – ამ კითხვაზე არც ბათუმის მერიაში გვიპასუხეს და არც მის ქვემდებარე უწყებაში, მუნიციპალურ ინსპექციაში. მშენებლობის ეტაპების კონტროლი სწორედ მუნიციპალური ინსპექციის მოვალეობაა.
კომპანიის დირექტორმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ნებართვის ვადა განახლებული აქვს, თუმცა ჩვენ ის არ გვინახავს, ადგილზე საინფორმაციო დაფაც არ არის გამოკრული.
„გვქონდა და მერე წინა ღობე მოვხსენით, რაზეც გვქონდა დამაგრებული“ – გვითხრა კომპანიის დირექტორმა.
რეესტრის მონაცემებით, შპს „სწრაფ მშენი ჯგუფის“ დამფუძნებელი იაკობ გორგოშაძე ფლობს ასევე შპს „გოლდ პალას 2024“- ის 100 პროცენტს, ეს კომპანია მას 2023 წელს დაუფუძნებია. ის ფლობს ასევე შპს „შპს ექსპრეს მოტორსს“ – ეს კომპანია 2010 წელს არის დაფუძნებული.
წყარო: “ბათუმელები”
