სწორი კომუნიკაციის პირობებში, ინვესტორებისთვის გასაგები იქნება, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ეკონომიკა – ლევან დავითაშვილი

სწორი კომუნიკაციის პირობებში, ინვესტორებისთვის გასაგები იქნება, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ეკონომიკა , ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„მიუხედავად მოკლევადიანი მღელვარებისა, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში, ინვესტორებისთვის გასაგები იქნება, რომ ჩვენ გვაქვს სანდო ეკონომიკა” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული სიტუაციას ეკონომიკაზე მოკლევადიანი ეფექტი ექნება.
“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა და სხვადასხვა საფრთხე ეკონომიკაზე აისახება ხოლმე, მისი აგენტები და კონტრაგენტები, რა თქმა უნდა, ამაზე მყისიერად რეაგირებენ ხოლმე. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტები, როგორც ეს იყო ინტერვენციები სავალუტო კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივებს, ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას.
მოლოდინია, რომ გვექნება ძალიან შინაარსობრივი დიალოგი პარტნიორებთან. ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა ძალიან ემოციური პროცესები, მაგრამ არ გვქონია დიალოგის რეჟიმი და შინაარსობრივი განხილვები. ამას ალტერნატივა არ აქვს და ასეც იქნება, როგორც ევროინტეგრაციის პროცესში, ისე სხვა მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით. აქედან გამომდინარე, მიუხედავად მოკლევადიანი მღელვარებისა, რომელიც შეიძლება ინვესტორებსაც ჰქონდეთ, სწორი კომუნიკაციის პირობებში, ინვესტორებისთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, რომ ეს არის გრძელვადიანად სანდო ეკონომიკა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და აქვს მოლოდინი, რომ ეკონომიკა ამ მიმზიდველობას შეინარჩუნებს.
„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა ისედაც აჩვენებდა, რომ ინვესტორებისთვის ეს ერთ-ერთ მიმზიდველი გარემო იყო. $5 მილიარდზე მეტი FDI მივიღეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ იყო ნდობა და ისეთი ეკონომიკური გარემო, რაც ინვესტორებისთვის იყო ხელსაყრელი. ისინი თავიანთ ინვესტიციებზე იღებდნენ ისეთ სარგებელს, როგორსაც სხვა ეკონომიკებში ვერ მიიღებდნენ.
საქართველოს ეკონომიკა შეინარჩუნებს ამ მიმზიდველობას. ინვესტორისთვის, ობიექტურად, დასაყრდენი არის ის ინდიკატორები, რეიტინგები და შეფასებები, რომლებიც მოდის კომპეტენტური სარეიტინგო-შემფასებელი კომპანიებიდან და ობიექტურ გაანგარიშებებს ემყარება. შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რადგან გვაქვს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ამაზე დაფუძნებით, ობიექტურად მიიღებენ ინვესტორებიც გადაწყვეტილებას – ამის მოლოდინი მაქვს”, – განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ “აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, შესაძლოა, დასავლეთიდან სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” პროგრამების დაფინანსება შეწყდეს – მისი თქმით, ეს არ მომხდარა. დავითაშვილისვე თქმით, მინისტრი სანქციებს არ ელოდება.
წყარო: bm.ge