ენერგოინფრასტრუქტურული კომპანია „ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას განცხადებით, საქართველომ სწორი გზით უნდა იაროს, რათა ქვეყანაში მეტი ინვესტორი შემოვიდეს. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკაში 126 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც თითქმის სამჯერ მეტი იყო, ვიდრე 2023 წელს, მაგრამ ნაკლები 2021 და 2022 წლებთან შედარებით.
„ბემონის“ მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, კომპანიის მიერ უკვე დაკონტრაქტებული და განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 100 მილიონი ლარია და გიორგი მირცხულავას იმედი აქვს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, პროექტების პორტფელი $100 მილიონს მიუახლოვდება.
– საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ინვესტორისთვის მიმზიდველია. ამას ხელს უწყობს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ქვეყანაში და ასევე, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რაც ინვესტორებს აფიქრებინებს, რომ მისი პროდუქტი იქნება მოთხოვნადი და ექნება გარანტირებული შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ [ენერგეტიკის სექტორში] ინვესტორი სწრაფი ამონაგებისთვის არ შემოდის…
– პოლიტიკური არასტაბილურობა როგორ მოქმედებს ინვესტორების გეგმებზე?
– არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ არასტაბილური პოლიტიკური გარემო რაიმეს ხელს უწყობს; ეს შეუძლებელია. რაც უფრო მეტი სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება ენერგეტიკის სექტორშიც… ევროპას, რეგიონს რომ გადავხედოთ,სტაბილურობა ახლა არსად არაა. ენერგეტიკა ის სექტორია, სადაც ინვესტორები მზად არიან [ინვესტირებისთვის], სჯერათ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მომავლის, სჯერათ პროექტების და შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ თუ ხელი არ შევუწყვეთ სიწყნარით, სტაბილურობით, სწორი გზით სიარულით, პრობლემები იქნება… როგორ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ინვესტორს უხარია, რაც ხდება..
– დღეს სწორ გზაზეა საქართველო?
– ჩვენ ყველა სწორ გზაზე უნდა დავდგეთ… ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიაროთ სწორი გზით, რომ მეტი ინვესტორი შემოვიყვანოთ. მცირე ზომის ენერგეტიკულ პროექტებში ქართველი ინვესტორების დახმარებით, ბევრი უცხოელი ინვესტორი რისკზე მიდის, მაგრამ დიდ პროექტებზე როცა ვსაუბრობთ, თუ სწორი სტრატეგია არ ექნება ქვეყანას, რთული იქნება [ინვესტორების დაინტერესება].
„წერტილთან“ ინტერვიუში „ბემონის“ მმართველმა პარტნიორმა საქართველოს ენერგოსექტორის საინვესტიციო პოტენციალზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უმნიშვნელოვანესია, საქართველომ “ნამახვანის”, “ხუდონის” და “ნენსკრას” დაძვრა შეძლოს“.
„ეს სამი პროექტი როგორც ენერგეტიკის, ისე მთელი ქვეყნის მომავლის ხერხემალია“, – განაცხადა გიორგი მირცხულავამ “წერტილში”.
