„სუფრის ვენახში გაშლა, უცხოელ ტურისტებში საკმაოდ მოთხოვნადია“ – მეღვინეობა „შუმი“

ვენახებში სუფრის გაშლით განსაკუთრებით უცხოელი სტუმრები ინტერესდებიან, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” მეღვინეობა “შუმის” დამფუძნებელმა აკაკი ცოფურაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვენახებში ხშირად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის ქორწილები, ბანკეტები, დაბადების დღეები და ა.შ.
“ჩვენი კომპლექსის ძირითადი ე.წ კოზირი არის სუფრა ვენახებში, რაც ძალიან მოთხოვნადია. ერთადერთი პრობლემა არის ამინდი, რადგან არის ხოლმე შიში, რომ ხელი შეიძლება შეგვეშალოს. დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის ვენახებში სუფრას არჩევენ. ჩვენი მომხმარებლები არიან ქართველებიც და უცხოელებიც, თუმცა აღნიშნული სერვისი უცხოელებისთვის უფრო ეგზოტიკურია. ერთდროულად თითქმის 200 ადამიანის მიღება შეგვიძლია.
ჩვენ 2019 წელს ძალიან კარგი მაჩვენებლები გვქონდა. შემდეგ პანდემიის გამო დიდი სირთულეები შეგვექმნა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიამდელ მაჩვენებლებს უკვე დავუბრუნდით”, – აცხადებს აკაკი ცოფურაშვილი.
გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ღვინოზე მოთხოვნა დაახლოებით, 25%-მდე არის გაზრდილი. მისივე თქმით, წარმოების 80% ექსპორტზე იყიდება,ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე.
ცნობისთვის, „შუმის“ ღვინოები ამ ეტაპზე 35-მდე ქვეყანაში გადის და ქართული ბრენდი საშუალო და მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი.
კომპანია „შუმის“ საქმიანობა 1997 წელს, კახეთში, წინანდალში ვენახების გაშენებით დაიწყო. 2001 წელს გაიხსნა ღვინის საწარმო და იმავე წელს კომპანიამ პირველი მოსავალი მიიღო. კომპანიისთვის ტრიუმფალური გამარჯვება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსში International Wine Challenge 2023-ზე წარდგენა, სადაც ,,შუმის“ ღვინოებმა 8 ჯილდო მოიპოვეს.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ