„სუფთა სახლის“ რუსული კონკურენტი – ვინ ფლობს „მოზაიკას“ მაღაზიათა ქსელს

კოსმეტიკის, პარფიუმერიის და საყოფაცხოვრებო ქიმიის რუსულმა მაღაზიამ „მოზაიკა“ საქართველოში კიდევ ორი ფილიალი, ამჯერად თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე და წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, „მოზაიკას“ მაღაზიათა ქსელს ფილიალები ბათუმში და ქობულეთშიც აქვთ, რომელიც დაახლოებით ერთი წელია ფუნქციონირებს და ჯამში 10-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.
„მოზაიკას“ ანუ შპს „საცალო მომსახურების“ დირექტორი ს მოქალაქე იგორ ზუდილოვია, 100%-იანი წილის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე მაია ზუდილოვა. შპს „საცალო მომსახურება“ 2022 წლის ზაფხულში დარეგისტრირდა და მისი მფლობელი მედეა მგელაძე იყო, რომელმაც ერთ თვეში 50%-იანი წილი რუსეთის მოქალაქე გეორგიი ალტშულლერს გადასცა, ერთი წლის წინ კი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მაია ზუდილოვა გახდა.
Домашняя мозаика რუსეთში ცნობილი მაღაზიათა ქსელია, ის ძირითადად წარმოდგენილია ნიჟნი ნოვგოროდში და აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს.
კომპანიის ინფორმაციით, მაღაზიის ფრენჩაიზისთვის შემდეგი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო:
· საწყისი ინვესტიცია: 2,900,000 რუბლი
· საშუალო ბრუნვა თვეში: 2,100,000 რუბლი
· ჰონორარი: ბრუნვის 3%.
· ერთიანად გადახდა: 150,000 რუბლი.
საშუალო მაღაზიისთვის (150 მ²), ფრენჩაიზის საწყისი ინვესტიცია (საქონლის შეძენის ჩათვლით) არის 3 მილიონი რუბლი. რაც შეეხება მოგებას, პირველი წლისთვის 2 მილიონი რუბლია, ხოლო ორი წლის განმავლობაში 5 მილიონი რუბლი და ყოველწლიურად მზარდია.
ფრენჩაიზის კონკრეტულად რა პირობების შესრულება უწევს კომპანიას საქართველოში, რა სამომავლო გეგმები აქვს და როგორ აპირებს კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ ისეთ ცნობილ მაღაზიებს, მაგალითად როგორიცაა „სუფთა სახლი“, რომლის შემოსავალი რეალიზაციიდან 161 მლნ ლარს (2022 წლის მონაცემები), ხოლო მოგება 9 მლნ ლარს აჭარბებს, ამ კითხვებით „კომერსანტი“ კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპისთვის „მოზაიკაში“ პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ.