სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ – აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.
“საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. „ვაიფაის“) მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე; 11 საათსა და 35 წუთზე; 11 საათსა და 47 წუთზე; 16 საათსა 02 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე; 18 საათსა და 06 წუთზე. რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე – 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე!
შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს”, – განაცხადეს სუს-ში.




