სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ყალბი აუდიო-ვიდეო მასალის გავრცელება იგეგმება.
“პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.
აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება”, – წერია სახელმწიფო უწყების 16 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი “ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესებაა”.
ამასთან, სუსი აცხადებს, რომ საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას.
· სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ასობით ფაილი გავრცელდა ინტერნეტით 2021 წელს.
· ფაილებში წარმოდგენილი იყო 2013-2021 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
· საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. ამ ფაილებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო არაერთი პირი, მათ შორის ჟურნალისტები.
