სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლევან ხაბეიშვილის დაკავების საკითხზე ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ ხაბეიშვილი ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს “ქრთამის მიცემას დაპირდა”.
“ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს პირდება ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ხაბეიშვილი საჯაროდ პირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას”, – განაცხადეს სუს-ში.
ხაბეიშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მუხლი გულისხმობს ქრთამის სახით საჯარო მოხელისთვის ფულადი თანხის დაპირებას.
ხაბეიშვილი დაახლოებით 1 საათის წინ დააკავეს.
