სუს-მა საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გელა კახაბრიშვილი გამოკითხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გელა კახაბრიშვილი გამოკითხა.
კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე სამართლებრივი სივრციდან გასულია.
“სამართლებრივი სივრციდან გასულია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ამდაგვარი ქმედებების საშიშროება არსებობს – როგორც ვიცი, 2015 წლიდან არის საქმე დაწყებული, შემდეგ 2017 წელს კიდევ დაემატა მუხლი სახელმწიფო გადატრიალების და ასეთი რაღაცები კითხვის ფორმით არ სრულდება, თვითონ ქმედებები უნდა განხორციელდეს და შესაბამისად, უნდა აღმოიფხვრეს ის საშიშროება, თუ არსებობს, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს.
თუ ამდენი ხანი იგეგმება, გარკვეული ნიშნები უნდა იყოს”. – თქვა რამიშვილმა.
გელა კახაბრიშვილის თქმით, აღნიშნული ბრალდებები მისი თანამებრძოლების მიმართ უსაფუძვლო და სისულელეა.
“სისულელეა, მებრძოლი ამაზე არ ფიქრობს, ამას არ გააკეთებს.
ვინც აქ არის ჩამოსული, არცერთი არ გააკეთებს მაგას – არიან ჩამოსულები, კონტუზია აქვთ მიღებული [მეც, მათ შორის]; ჩამოვედი, რომ სამედიცინო შემოწმება გამევლო და აქ კიდევ, ტერორისტულ აქტს მაბრალებენ”. – თქვა კახაბრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბოლო რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე და კონსტანტინე ჯღამაია არიან. სუს-ი მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.

ასევე დაგაინტერესებთ