სუს-ი – ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბერს დაანონსებულ, რადიკალური ჯგუფების გეგმებს შორის – ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ერთადერთ საბოლოო ლოკაციად ჩანს თბილისი

გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქეების დაკავებასა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ახალი დეტალების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც მან აღნიშნა, ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ერთადერთ საბოლოო ლოკაციად ჩანს თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
„როგორც მოგეხსენებათ, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. აღნიშნული ნივთიერება საქართველოში რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა. ბრალდებულების დაკავებიდან დღე ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დგინდება, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უს“ თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო ს ფედერაციაში და მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია, თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოცემულ საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის იმ ნაწილის საჯაროდ გამოტანა, რისი გამჟღავნებაც ქართულ სპეცსამსახურებს შეუძლია, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის“, – განაცხადა მაღრაძემ.