სუს-ი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელელი დეპუტატების ვიზიტი ტერორისტული საფრთხის გამო გაუქმდა კატეგორიულად უარყოფს
საქართველოში ისრაელური დელეგაციის ვიზიტი გადაიდო. როგორც მედია წერს, ქნესეტში განმარტავენ, რომ გაუქმება უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.
მათივე ცნობით, ისრაელის პარლამენტში განმარტეს, რომ ვიზიტის წინ გამართული უსაფრთხოების რისკების შეფასების შემდეგ აშკარა გახდა, რომ დელეგაციისთვის თბილისში ჩამოსვლა უსაფრთხო არ იქნებოდა. რის გამოც, მათი ვიზიტი გაუქმებულია.
მოგვიანებით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
“არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ. ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.
ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება.კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან” , – წერს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური.




