დღეს, 4 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა და თანაგუნდელებმა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლევან ხაბეიშვილი პირველი პოლიტიკოსია, რომელიც პოლიტიკური განცხადების გამოა დაკავებული.
„85 დღეა, რაც ივანიშვილს პოლიტიკოსი დატუსაღებული ჰყავს მისი პოლიტიკური განცხადების გამო, სადაც იგი გდდ-ს თანამშრომლებს მოუწოდებდა, არ ეწამებინათ, სახის ძვლები არ დაელეწათ, არ ეძალათ და მოეკლათ ქართველი ხალხი. უკვე 85 დღეა, ლევან ხაბეიშვილს აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან ყველანაირი კომუნიკაცია… დადგება დღე, როდესაც ვეღარსად გაექცევით და დაემალებით საკუთარ სინდისს! თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, ივანიშვილის პირად ტყვეს! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს“, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.
აქციაზე იმყოფებოდა ლევან ხაბეიშვილის დედა მარინა კოტრიკაძეც. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის ფსიქოლოგიურად გატეხას ცდილობენ და ამიტომ ციხეში ყველანაირი შეზღუდვა დაუწესეს.
„უკანონობა და უსამართლობაა იმიტომ, რომ პოლიტიკოსს აკავებენ პოლიტიკური განცხადებების გამო. მე, როგორც დედა, მოვითხოვ ჩემი პოლიტიკური პატიმარი შვილის გათავისუფლებას. თან ყველანაირი შეზღუდვა აქვს დაწესებული, მცირეწლოვან შვილებსაც ერთხელ შეახვედრეს ერთი საათით. ამაზე მეტი უკანონობა რა უნდა იყოს, რომ პოლიტიკოსს პოლიტიკური განცხადებების გამო ატყვევებენ და იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომ რამენაირად შეზღუდონ და ფსიქოლოგიურად გატეხონ“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ლევან ხაბეიშვილის დედამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მყხლით: 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) და 317-ე მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 15 სექტემბრიდან პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება აქვს შეზღუდული.
სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.




