სუს: გუშინ ჩხრეკის შედეგად ამოვიღეთ $7 მლნ, ძვიფასი ნაკეთობები და საათები, ტელეფონები

სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც გუშინ “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების ჩხრეკასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ს, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძისა და მათთან დაახლოებული პირების სახლების და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ჯამში 7 002 200 დოლარი და 136 000 ლარი.
ასევე ამოღებულია: ძვიფასი ნაკეთობები და საათები, ნახატები, დოკუმენტაცია, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრომოწყობილობები.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას გუშინ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შესახებ. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, გუშინ დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების: ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.
აღნიშნულ ღონიძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სუს-ის 230-მდე თანამშრომელი. შედეგად, სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 002 200 დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
ამჟამად სუს-ისა და საქართველოს გენერალური პოროკურატის საგამოძიებო ნაწილის თანმშორმლების მიერ ერთობლივად ინტენსიურ რეჟმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრო მოწყობილობებებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, შემდგომი საგამოძიებო, ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება”, – განაცხადეს სუს-ში.
ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების და მათთან დაახლოებული პირების სახლების და პირადი ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია “ოცნების” პროკურატურამ გუშინ გაავრცელა.