საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღმოაჩინეს აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების იარაღის სამალავი, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
“ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი, მათი განეიტრალების შემდეგ, წლების განმავლობაში, ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას, რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის – ტროტილი. ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები”, – აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 331-ე პრიმა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
2017 წლის 21-22 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში აჰმედ ჩატაევის ჯგუფის წიანაღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან თავი აიფეთქა.
სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში.




