სუს: არჩევნების წინ „პროვოკაცია” მზადდება „ყალბი ჩანაწერების” გავრცელებით

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური(სუს) აცხადებს, რომ საპარლამენტო ს წინ „ყალბი ჩანაწერების” გავრცელება იგეგმება.
სუსის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.
სუსის თანახმად, „ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება”, მიზანი კი არის „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება”.
სუსის განცხადებითვე, „ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „პროვოკაციის მთავარ მიზნად” ასახელებს „საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნას და აგორებას” და ქვეყანაში „დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის”.
სუსის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ამ ჯგუფების საქმიანობას და კანონდარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავენ.
რომელ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებულ რა ჯგუფებზეა საუბარი, დაკონკრეტებული არ არის.
დასავლელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ისედაც მკვეთრად გაუარესებულია ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების, მათ შორის ე.წ. აგენტების კანონის და ლგბტ თემის უფლებების შემზღუდავი კანონის მიღების და „ქართული ოცნების” ანტიდასავლური განცხადებების გამო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის