სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებაში დაიბარეს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, “ისრაელის სახლის” დამფუძნებელი იციკ მოშე.
მისი დაბარება უკავშირდებოდა მანამდე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც სუსი “დეზინფორმაციად” აფასებს. კერძოდ, ისრაელის მედიის ცნობით, ქნესეთის წევრები იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა”, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.
კითხვაზე, რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, “იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს”.
ისრაელის “მეშვიდე არხის“ ცნობით, ისრაელის პარლამენტის წევრები გააფრთხილეს „შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომელიც, დიდი ალბათობით, კონფერენციის მონაწილეების წინააღმდეგ მზადდებოდა“.
დეპუტატებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ თბილისში „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, “ისრაელის სახლის” დამფუძნებელმა იციკ მოშემ დაუდასტურა.
ამასთან, მისივე თქმით, “ისრაელის კვირეული” თბილისში მაინც ჩატარდება, ქნესეთის წევრები ბიზნესფორუმში, სავარაუდოდ, დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.
რადიო თავისუფლება იციკ მოშესთან დაკავშირებას ხელახლა ცდილობს, მისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.




