“სუსი იყენებს წამების დახვეწილ მეთოდს” – ხაბეიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიტიკოსს პაემნის და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა გაუგრძელეს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლევან ხაბეიშვილს ციხეში დაწესებული შეზღუდვები კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს. პოლიტიკოსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაპატიმრების შემდეგ შეუზღუდა როგორც სატელეფონო ზარების განხორციელებისა და წერილების გაგზავნა/მიღების, ასევე პაემნის უფლება. მას მხოლოდ ადვოკატებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს.
„ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს! სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – არ შეეცვალოს!
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს – დააკავეს სიტყვის გამო. ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის! სუსი იყენებს წამების დახვეწილ მეთოდს – არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას”, – წერს ლაშა ტყეშელაძე ფეისბუკზე.
პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება სუსმა 15 სექტემბერს შეუზღუდა ორი თვით, „მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის ს დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
ბრალის წაყენების შემდეგ გაირკვა, რომ მას ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც. ამ ორივე ბრალით, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლევან ხაბეიშვილის მსგავსი შეზღუდვები მოგვიანებით დაუწესეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსებსაც.