ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით სუსის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ქიმიური ნივთიერებების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიღება-ჩაბარების აქტების გასაჯაროება, რადგან ყოველი მსგავსი ნაერთის მოძრაობა უნდა იყოს დეტალურად გაკონტროლებული.
დეკანოიძე ვარაუდობს, რომ შესაბამისი დოკუმენტების გამოკვლევის ნაცვლად, სუსი და შსს მტკიცებულებების განადგურებით შეიძლება იყვნენ დაკავებული.
“მე ძალიან დიდი ხანია ვითხოვ მიღება-ჩაბარების აქტების გასაჯაროებას, იმიტომ, რომ ნებისმიერი სპეციალური საშუალება როდესაც გაიცემა ან შეიარაღების განყოფილებიდან, ან ზოგადად, ნებისმიერი დეპარტამენტიდან, ყველა პოლიციელზე არსებობს მიღება-ჩაბარეის აქტი, მითუმეტეს, როცა არის ასეთი მძიმე ქიმიური ნაერთები. ამიტომ, ეს დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო გასაჯაროებული და ახლა, როგორც ჩანს, სხვადასხვა მტკიცებულებების განადგურებით არის დაკავებული სუსი და შსს. აღმოჩნდა, რომ 5 დღეში დახურეს საქმე, რომელიც ძალიან ნიშანდობლივია, ამიტომ არავითარი სანდოობა ამ გამოძიებას არ აქვს და მეტსაც გეტყვით, უმძიმესია, ბიძინა ივანიშვილის ომის რეჟიმი ღიად და საჯაროდ ადასტურებს იმას, რომ მოწამლეს ადამიანები ქიმიური ნაერთით და არ გვეუბნებიან, რა ქიმიური ნაერთია, – ამბობს ხატია დეკანოიძე.




