სუსი: გამოვავლინეთ უცხოური კომპანიები, რომელთა პროდუქციაც შესაძლოა, სამხედრო დანიშნულებითაც გამოყენებულიყო

უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება. ამის შესახებ სუს-ის საქმიანობის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული საკითხის გააქტიურება გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომისა და 2024 წელს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს გავლით სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული დერეფნების დატვირთვის გაზრდის პერსპექტივებმა.
„საანგარიშო პერიოდში, რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ზრდიდან გამომდინარე, ცალკეული ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მხრიდან გრძელდებოდა საქართველოში ახალი ბიზნესპროექტების განხორციელების მცდელობები მათი სავარაუდო ამოცანა ქვეყნის საკვანძო ეკონომიკურ სექტორებში შეღწევა და ანგარიშგასაწევ ბიზნესსუბიექტებად ჩამოყალიბება იყო. აღნიშნულის მეშვეობით, ისინი შეეცდებოდნენ ხელისუფლებისთვის მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოეთხოვათ.
2024 წელს, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, ოპერატიულ კონტროლზე იქნა აყვანილი საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიებისა და უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირებისა და მათი წარმომადგენლობების საქმიანობა, უცხოური ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირების გამოვლენის მიზნით.
მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული რამდენიმე კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო ორმაგი (სამოქალაქო და სამხედრო) დანიშნულებით. ასევე, დადგინდა მათი საქმიანი კავშირები უცხო ქვეყნების სამთავრობო და თავდაცვის უწყებებთან.
საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა იმ კომპანიებისა და მათი წარმომადგენლების ოპერატიული კონტროლი, რომლებიც საქმიანობას ეწევიან საზღვარგარეთ და აქვთ ახლო კავშირები უცხო ქვეყნების ხელისუფლებების მაღალი თანამდებობის პირებთან, შეიარაღებული ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებთან“,- წერია დოკუმენტში.
სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ისეთი ეკონომიკური და ბიზნესპროექტების გამოვლენაზე მუშაობას, რომლებიც შესაძლოა უცხო ქვეყნების შესაბამისი სამსახურების მიერ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.
“მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატში გასაფორმებელი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებების ანალიზი, მათი შესაძლო თანამდევი რისკების იდენტიფიცირების მიზნით. არსებული გამოწვევების შესამცირებლად მუშავდებოდა რეკომენდაციები და გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები”,- წერია ანგარიშში.