სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 25 ოქტომბერს, დახურულ სხომაზე მიიღო. სხდომის სრულად დახურვა კი ბრალდების მხარემ მოითხოვა.
პროკურატურის ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი, თუმცა, მოსამართლე ნანა შამათავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და სხდომა როგორც მედიისთვის, ისე სხვა დამსწრეებისათვის დახურა.
დაცვის მხარე ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 300 ათასი ლარის ოდენობით გირაო შესთავაზა.
ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს დაინიშნა.
ანდრია ლილუაშვილს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ამ დანაშაულისათვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ანდრია ლილუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული მესამე ადამიანია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
22 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მასთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, რომლის სახლიდანაც ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319 300;
სუსმა ძებნა გამოაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელიც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.
გრიგოლ ლილუაშვილის სახელი ფულის გათეთრების საქმეში პირველად 17 ოქტომბერს გამოჩნდა. ამ დღეს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის – ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის – საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.
მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.
24 ოქტომბერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ამავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ-ლარიანი გირაო შეეფარდა.



