საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ოტობაიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილი გახდა “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად”.
“კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
მანამდე სუსმა დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 20 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ორი მოქალაქის, რემიკო და მურთაზ ჭითანავების უკანონო დაკავების შესახებ.
დე ფაქტო უწყებამ განცხადებასთან ერთად გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც ასახულია კიდევ სამი ადამიანის დაკავების კადრები და ირკვევა, რომ დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, “რომლებიც აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდნენ”. ვიდეოში მათთან ერთად ჩანს კიდევ ერთი დაკავებული, დე ფაქტო უწყების ცნობით, მოქალაქეობის არმქონე არჩილ სექანია.
“დმიტრი დენისოვს და ალექსანდრ ლუზენინს საზღვარზე გადასვლაში ეხმარებოდა 45 წლის არჩილ სექანია. მანამდე რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით შევიდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდოდ, არჩილ სექანიაა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მესამე მოქალაქე, რომელსაც დე ფაქტო უწყება მოქალაქეობის არმქონედ მოიხსენიებდა.
ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა “ჯაშუშობის” ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.