სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, თანაპარტიელები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი თქმით, პოლიტიკოსი პოლიტპატიმარია.
„ლევან ხაბეიშვილი დაატყვევეს მისი სიტყვის გამო, პოლიტიკური განცხადების გამო. 85 დღეა, რაც პოლიტიკოსი დატუსაღებული ჰყავს ივანიშვილს“, – თქვა აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეკრებილ ადამიანებს ხელში ეჭირათ ლევან ხაბეიშვილის ფოტოები და პლაკატები წარწერით: „თავისუფლება ხაბეს“. ერთ-ერთ პლაკატზე დატანილ ფოტოზე პოლიციელების მიერ ნაცემი ხაბეიშვილი იყო გამოსახული.
· ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, აქციასა და ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის „$200 000-ის შეთავაზების“ ბრალდებით.
· დაკავებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ხაბეიშვილს ასევე ედავებოდნენ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
პოლიტიკოსისთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე დღეში, სუსმა მას ციხიდან ნათესავებსა და ახლობლებთან კომუნიკაცია აუკრძალა.




