„სურსათის მწარმოებლებმა სპეციფიკურ ეტიკეტირებაზე უნდა იზრუნონ, რომელიც მოსახლეობასთან კავშირის, კონტაქტის საშუალებას მისცემს. ეტიკეტის საშუალებით ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომ ლაბორატორიულად შემოწმებულია და აფლატოქსინი არ აქვს“
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტის, ეკოტოქსიკოლოგის, ხათუნა ახალაიას განცხადებით, სურსათის მწარმოებლებმა სპეციფიკურ ეტიკეტირებაზე უნდა იზრუნონ, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის, რომ გარკვეული პროდუქტი ლაბორატორიულად შემოწმებულია და აფლატოქსინს არ შეიცავს.
მისივე თქმით, პროდუქციის წარმოების დროს მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლებმა დაიცვან გარკვეული სტანდარტები, რომელიც აფლატოქსინის გავრცელებას ხელს არ შეუწყობს.
„საკვებ პროდუქტებში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა შეიძლება ორი სხვადასხვა გზით იყოს გამოწვეული. პირველი – როცა ხელოვნურად ვიყენებთ რაღაც ქიმიურ ნივთიერებებს იმისთვის, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქცია მოვიყვანოთ. მეორე – შენახვის დროს ბიოლოგიურად, ბუნებრივად წარმოქმნილი ობი სოკოები და მსგავსი დამაბინძურებლები, რომელთაც ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის უნარი აქვთ. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური სოკოები და სხვა ტიპის ორგანიზმები…
აფლატოქსინიც ერთ-ერთი ამ ტიპის ტოქსინია, რომელიც არასწორი შენახვის, მოყვანის და საკვები პროდუქციის არასწორი შრობის, ამასთან, მისი მოყვანის და მოსავლის აღების შემდეგ, მათი შენახვის პერიოდში დარღვევებისგან შეიძლება წარმოიქმნას. ზოგადად, მსოფლიოში მოსახლეობის 25% აფლატოქსინის გავლენის ქვეშ ჰყვება, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სწორი შენახვა და მოსავლის აღების დროს, ის ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც აუცილებელია შრობისთვის, ტემპერატურული რეჟიმისთვის, ძალიან ხშირად დარღვეულია ხოლმე. [მსგავსი დამაბინძურებლები, აფლატოქსინი] შეიძლება იყოს ნებისმიერ მარცვლეულში, ბურღულში, ჩირებში (განსაკუთრებით ლეღვის ჩირში), თივაში, მშრალ ჩაიში, რძის პროდუქტში და ა.შ.
ზოგიერთი პროდუქციის კარგად დათვალიერების დროს ჩანს რაღაც ტიპის ობი სოკო, მაგრამ ძალიან ხშირად მოსაზრებაა, თითქოს [ამ პროდუქტს] თუ გადავადუღებთ, ცხელ წყალს თუ დავასხამთ ან დიდი ხანი თუ ვადუღებთ, [ამ შემთხვევაში] არა უშავს, თუმცა აფლატოქსინი არსად არ მიდის. ტოქსინია, რომელიც ადუღების, გადადუღების დროს პროდუქციიდან არ გადის. აქედან გამომდინარე, შეიძლება მომხმარებელმა დაინახოს [მსგავსი ტოქსინი], თუმცა რძის პროდუქტში ამას ვერ ნახავ. ასევე, შესაძლოა თხილეულში აფლატოქსინმა გემოს ცვლილებაც გამოიწვიოს.
მწარმოებლებში სტანდარტების დანერგვა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მწარმოებელს თავისი პროდუქციის წარმოების სტანდარტი ჰქონდეს, რომელიც ნებისმიერ ქსელს, როდესაც პროდუქტს მიაწვდის, ჩანაწერების სახით უნდა მიაწოდოს, თუ რა იყო გამოყენებული, სად იყო [პროდუქტი] შენახული და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია მაკონტროლებელი. ძალიან ხშირად, რაღაც ეტაპამდე მწარმოებელი კეთილსინდისიერია, თუმცა როცა პროდუქტზე კონტროლი ნაკლებია, შემდეგ მწარმოებელი თავისი პროდუქციის რეალიზაციის პროცესზე თვალს ხუჭავს”, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.
ამასთან, ექსპერტი მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ გაყიდვის ქსელში პროდუქციის ყიდვის დროს, აუცილებლად პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი მოითხოვონ.
„მთავრობამ რაღაც ჯაჭვი უნდა შექმნას, რომ თქვას – ხალხნო ნუ გეშინიათ, ჩვენ ვამოწმებთ, ჩვენ ამის უკან ვდგავართ და ჩვენ ყველა ერთეულს შევამოწმებთ იმისთვის, რომ სურსათი იყოს უვნებელი და შემდეგ მოსახლეობას უნდა უთხრას, რა ტიპის ეტიკეტირებას უნდა მიაქციოს ყურადღება. სურსათის მწარმოებლებმა სპეციფიკურ ეტიკეტირებაზე უნდა იზრუნონ, რომელიც მოსახლეობასთან კავშირის, კონტაქტის საშუალებას მისცემს. ეტიკეტის საშუალებით ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომ ლაბორატორიულად შემოწმებულია და აფლატოქსინი არ აქვს.
სპეციალური ჯგუფები უნდა შედგეს. სახელმწიფო სტრუქტურასაც იმხელა შესაძლებლობები არ აქვს, რომ ყველა რძის პუნქტი შეამოწმოს, თუმცა თუ ნაბიჯები გადაიდგმება და ბიზნეს ოპერატორების, დისტრიბუციის ქსელის და მაღაზიის გაკონტროლების ქსელის ჯგუფები შეიქმნება, [კონტროლის მექანიზმები გაძლიერდება]”, – აღნიშნა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში”.
