სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური 4 საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ყველა მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.
აღსანიშნავია, რომ, დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებულია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება, ნიშნავს, რომ წარმოება შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება.
თუმცა, გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული წარმოება, რომელთა გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ კონტროლს ახორციელებს.
მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3600-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 36 არარეგისტრირებული წარმოება.
ქვემო ქართლში განხორციელებული შემოწმების შედეგად ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.