სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინა – სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. ამავდროულად, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი. მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 – ქვემო ქართლის რეგიონში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
