დონალდ ტრამპი, “სუპერ სამშაბათს”, მიზნად ისახავს ამერიკის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის დარჩენილი ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი, რბოლიდან გამოთიშოს.
“სუპერ სამშაბათი” საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვების გზაზე, მნიშვენლოვანი ეტაპია. ამ დღეს ყველაზე მეტი შტატი ერთდროულად მართავს შიდაპარტიულ არჩევნებს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად.
ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, თავიდანვე დომინირებდა რესპუბლიკური პარტიის მიერ საპრეზიდენტო ნომინაციის მიღების კამპანიაში. მიუხედავად სისხლის სამართლის ბრალდებებისა, ტრამპმა ერთი გარდა, ყველა წინასაარჩევნო პრაიმერი, ანუ შიდაპარტიული შესარჩევი რბოლა მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დღეს ვერ მოიპოვებს დელეგატების სკამარის ხმებს, რათა მან კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიიღოს, დღევანდელი პრაიმერი კიდევ ერთი დასტური შეიძლება გახდეს იმისა, რომ მას ნომინაცია გარანტირებული აქვს.
წინასაარჩევნო პრაიმერს 5 მარტს 15 შტატი მართავს. დღეს რესპუბლიკელი ამომრჩევლის მესამედის არჩევანი დაფიქსირდება და კანდიდატებს ნომინაციისთვის დელეგატთა საჭირო რაოდენობის 70% მოპოვება შეეძლებათ.
პირველი საარჩევნო უბნები საღამოს 7 საათზე იხურება აღმოსავლეთ სანაპიროს დროით. ბოლო შტატი, სადაც უბნები დაიხურება დასავლეთ სანაპიროზე, ალასკა იქნება.
პარალელურად, მოსალოდნელია, რომ ბაიდენი ადვილად გაიმარჯვებს სამშაბათს დემოკრატიულ პრაიმერში, თუმცა აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისრაელისადმი არსებულ მის პოლიტიკას, მოუწოდებენ მუსლიმ ამერიკელებსა და პროგრესულად განწყობილ ამომრჩეველს, პროტესტის ნიშნად ხმა მისცენ “გადაუწყვეტლად”.
არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს შეძლებს ნიკი ჰეილი, გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი, თავისი კამპანიის გაგრძელებას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 10 დღის წინ ვერ მოიპოვა გამარჯვება თავის მშობლიურ სამხრეთ კაროლინის შტატში ჩატარებულ პრაიმერში.
“მე ჯერ არ ვარ მზად [რბოლიდან] გასასვლელად“, – განუცხადა მან Fox News-ს ინტერვიუში.
კვლევითი ვებსაიტის “538-ის” მიხედვით, ტრამპი ჰეილის სამშაბათს დაგეგმილი პრაიმარების ყველა რბოლაში უსწრებს. ტრამპმა ტელეკომპანია Fox-ს ინტერვიუში განუცხადა: “ვაპირებთ მოვიგოთ ყველა შტატი ამაღამ”. თუმცა, ჰეილის მოკავშირეები მცირედ შანსს მაინც ხედავენ, რომ მოიგონ ისეთ შტატებში, როგორებიცაა ვირჯინია, მასაჩუსეტსი და ვერმონტი, სადაც უფრო მაღალი შემოსავლისა და უმაღლესი განათლების მქონე ამომრჩეველია.
ამომრჩევლები ასევე მისცემენ ხმას ორ საკვანძო არჩევნებში- ამომრჩევლებმა უნდა გაადწყვიტონ ვინ იქნებიან კალიფორნიელი, გარდაცვლილი დემოკრატი სენატორის, დაიან ფაინშტაინის და წარმომადგენელთა პალატაში ახლახან გადაყენებული რესპუბლიკელი სპიკერის კევინ მაკკარტის მემკვიდრეები.
გარდა ამისა, მომავალ წელს, ამერიკის კონგრესის სენატის კონტროლი შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რომელი პარტია მოიგებს არიზონის შტატის მანდატს, მომავალ ნოემბერში.