სუპერთასი. “შავმა ლომმა” წვიმასა და ავდარში “ჰითს” მოუგო

2023 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში „შავმა ლომმა“ კვიპროსში წვიმიან და ქარიან ამინდში ს „თელ-ავივ ჰითი“ 29:27 დაამარცხა.
ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი (10-10) ჰქონდა და დაძაბული თამაში გამოვიდა. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე მაყურებლების გარეშე ჩატარდა.
„შავი ლომი“ დებიუტში ივანიშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დაწინაურდა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო გაიტანა. ცოტა ხანში სწრაფი კონტრშეტევისას აფციაურმა ლელო დადო, მატკავამ კი რთული პოზიციიდან ვერ გაიტანა. „ჰითმა“ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. მერე ტაბუცაძემ ლელო დადო, მატკავამ გარდასახვა ვერ
გამოიყენა, „ჰითმა“ ისევ საჯარიმოდან შეამცირა სხვაობა, რაზეც ბოლოს მატკავამ საჯარიმოთი უპასუხა და პირველი ტაიმი მაისაშვილის გუნდმა 23:6 მოიგო.
უამინდობის გამო შესვენების შემდეგ მატჩი დაგვიანებით განახლდა, „ჰითმა“ მეორე ტაიმი „შავ ლომზე“ გაცილებით უკეთ ჩაატარა, ბოლომდე თამი დარჩა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართულ ფრენჩაიზს დარჩა.
„შავი ლომი“ თასის ნახევარფინალში იასპარეზებს.
რაგბი ევროპის სუპერთასი 2023
ა ჯგუფი. III ტური
18 ნოემბერი. ლიმასოლი (კვიპროსი). „ცირიონ სთედიუმი“
თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) 27:29
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.
მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო თოდუა, 23. გიორგი კვესელაძე.