სუპერთასი | “შავი ლომი” მეოთხე ტიტულს სექტემბრიდან შეუტევს

ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” სექტემბერსა და ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს.
შარშანდელის მსგავსად, გუნდები სიძლიერის მიხედვით ორ ჯგუფად არიან გაყოფილი, თუმცა 8-ის ნაცვლად, მასში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წელს სუპერთასზე ვერ ითამაშებს ს “თელავივ ჰითი”, რის გამოც “ა” ჯგუფში სამი გუნდი იასპარეზებს და ტურნირი პლეი-ოფის გარეშე, ჯგუფურ ეტაპთან ერთად დასრულდება.
ამრიგად, “შავი ლომის” მეტოქეები ესპანური “იბერიანსი” და პორტუგალიური “ლუზიტანუში” იქნებიან. სუპერთასის 2024 წლის გათამაშება 7 სექტემბერს დაიწყება და ქართული გუნდი პირველ ტურში დაისვენებს.
სექტემბრის შუა რიცხვებში
“შავი ლომი” ევროპაში გაემგზავრება და 15-ში “იბერიანსს” ბურგოსში, ხოლო 21-ში “ლუზიტანუშს” ლისაბონში ერკინება. 28 სექტემბერს ის “იბერიანსს”, ხოლო 12 ოქტომბერს “ლუზიტანუშს” თბილისში, “ავჭალის” სტადიონზე უმასპინძლებს.
“ბ” ჯგუფში რუმინული “ვულვზი”, ნიდერლანდური “დელტა”, ბელგიური “დევილსი” და ჩეხური “ბოჰემია” ითამაშებენ. სუპერთასის 2024 წლის სეზონი 20 ოქტომბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, სუპერთასის მერე “შავი ლომი” დეკემბრიდან ჩელენჯ თასში ჩაერთვება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ფრანგულ “ვანსა” და “ბაიონა”‘, უელსურ “სქარლეთს” და შოტლანდიურ “ედინბურგს” შეხვდება.
რაგბი ევროპის სუპერთასი 2024

15 სექტემბერი. ბურგოსი
იბერიანსი (ესპანეთი) – შავი ლომი (საქართველო)
21 სექტემბერი. ლისაბონი
ლუზიტანუში (პორტუგალია) – შავი ლომი (საქართველო)
28 სექტემბერი. თბილისი
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)
12 ოქტომბერი. თბილისი
შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია)
Rugby.ge