დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა: “ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით”.
სუნაკი უკრაინას 250 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობით საარტილერიო ჭურვების გადაცემას დაჰპირდა, რაც გასულ თვეს ხელმოწერილი უსაფრთხოების ახალი შეთანხმებით გათვალისწინებული სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია.
“დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო რეაგირებისას იყო ერთიანი. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე”. – თქვა სუნაკმა.
აქამდე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრიდან 2 წლისთავისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების პაკეტი ეხება 50-ზე მეტ პირსა და კომპანიას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ომის წარმოებაში.