გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის “სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებმა იემენში ჰუსიტი ამბოხებულების სამხედრო ობიექტებზე მიზნობრივი იერიშები მიიტანეს”.
სუნაკის თქმით, ბოლო თვეებში ჰუსიტებმა, საერთაშორისო საზოგადოების გაფრთხილებების მიუხედავად, წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევი თავდასხმები დაიწყეს, რაც გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო ხომალდებს საფრთხეს უქმნის.
“ეს ასე ვერ გაგრძელდება”. – წერს სუნაკი. განცხადებაში წერია, რომ მიტანილი საჰაერო იერიშები შეზღუდული, საჭირო და პროპორციული თავდაცვითი ქმედება იყო.
ბრიტანეთის პრემიერის განცხადების ბოლოს წერია, რომ სამეფო საზღვაო ძალები ოპერაცია კეთილდღეობის მცველის ფარგლებში წითელ ზღვაში პატრულირებას გააგრძელებს, რათა ჰუსიტების მომავალი აგრესია აღკვეთოს. ხოლო სუნაკი ჰუსიტებს მოუწოდებს, თავდასხმები შეწყვიტონ და დეესკალაციისკენ ნაბიჯები გადადგან.
მანამდე გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.
ამ დროისთვის საჰაერო იერიშები დედაქალაქ სანასა და წითელ ზღვის პორტ ჰოდეიდაში მდებარე იემენელი ჰუსიტების სამიზნეებზე მიიტანეს. ბოლო ინფორმაციით, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებმა ათეულობით სამიზნეზე მიიტანეს იერიში, რაც რადარის სისტემებს, ასევე დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების საწყობებსა და გასაშვებ პუნქტებს მოიცავს.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.