სუმის ტრაგედის შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის სუმის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ბრალად დასდეს ქალაქ სუმის ცენტრში სამხედროების შეკრება მათი დაჯილდოების მიზნით. შეკრება 13 აპრილს იყო, როცა ს ჯარებმა სუმის ცენტრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.
უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვოლოდიმირ არტიუხის გათავისუფლებას და მის ნაცვლად ოლეჰ გრიგოროვის დანიშვნას. ინფორმაცია სკადრო ცვლილების შესახებ დღეს, 15 აპრილს ტელეგრამით გაავრცელა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში ტარას მელნიჩუკმა. მას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
სუმის ოლქის ქალაქ კონოტპის მერმა არტიომ სემენიხინმა 13 აპრილს, ქალაქ სუმიზე დიდი მსხვერპლის გამომწვევი თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვოლოდიმირ არტიუხის ორგანიზებით, დაჯილდოების მიზნით შეკრებილი ჰყავდათ 117-ე ბრიგადის სამხედროები.
სემენიხინის თანახმად, ისინი არ დაშავებულან, რადგან თავშესაფარში იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსეთმა, რომლის მთავარი მიზანი იყო მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი, სუმის ცენტრში სამხედროების ყოფნა გამოიყენა ტერორისტული აგრესიის გასამართლებლად. სემენიხინის ინფორმაციით, სამართალდამცავები იძიებენ, როგორ მოხდა სამხედროების შეკრება ფრონტის ხაზიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში, ქალაქის ცენტრში.
თავად ვოლოდიმირ არტიუხმა გამოცემა „სუსპილნეს“ 14 აპრილს განუცხადა, რომ სამხედროების დაჯილდოების ინიციატორი არ ყოფილა და ის შეკრებაზე მიიწვიეს. კონკრეტულად ვინ მიიწვია, არტიუხმა ამ შეკითხვას არ უპასუხა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 13 აპრილს რუსეთის ჯარებმა ორი წუთის განმავლობაში ქალაქ სუმის ცენტრს ორჯერ დაარტყეს ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 15 აპრილს, დილით განახლებული მონაცემებით, სუმიში დაიღუპა 35 და დაიჭრა 125 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოებში რჩება 44 პაციენტი, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
ფორუმი