„სუბსიდიის მოხსნა და ყურძნის მინიმალური ფასის ზრდა ალკოჰოლური კომპანიებისთვის მძიმე გადასატანი იქნება“ – ასკანელი

ალკოჰოლური ბიზნესისთვის, ორივე კომპონენტით – ფასის აწევა და სუბსიდირების მოხსნა, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა – ასე აფასებენ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელში“ სახელმწიფოს მიერ დღეს გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფოს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. ამავე დროს, სახელმწიფო 1 კგ რქაწითელის ყურძნის მინიმალურ ღირებულებად 1.20 ლარი, ხოლო დაზიანებულის 1 ლარი განსაზღვრა, რაც გასული წლის არსებულ მინიმალურ ფასს აღემატება.
„ასკანელის“ დირექტორი ირაკლი უგლავა BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, ინფორმაცია იმაზე, რომ წელს ყურძნის სუბსიდიის გაცემა კერძო კომპანიებზე აღარ იგეგმებოდა ჰქონდათ, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის მინიმალური ღირებულების ზრდას ისინი არ ელოდნენ. ეს გადაწყვეტილება კი მისი შეფასებით, კომპანიის გაყიდვებს შეამცირებს.
„სუბსიდირების შეწყვეტა დიდი ხანია დაანონსებული იყო და 1 კგ ყურძენზე სუბსიდირების თანხის მოცულობამ ეტაპობრივად მცირდებოდა. რამდენიმე თვეა, რაც საქმის კურსში ვართ, რომ 1 კგ ყურძენზე, გასულ წლებში არსებული 20-თეთრიანი სუბსიდირებაც მოიხსნებოდა. კომპანიები ამ პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა მოვძლიერდით და ამ 20-თეთრიან მომატებას ავიტანდით, მაგრამ აქ მეორე საკითხი ის არის, რომ სახელმწიფომ კონდიციურ 1 კგ ყურძენზე ფასი 1.20 ლარი დააწესა. არაკონდიციურ ყურძენს იბარებს ლარში, რაც ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ რქაწითელი, რომელიც ყველაზე დიდი მოცულობით მიიღება და ბრენდის [კონიაკის] ბიზნესს ეს განსაზღვრავს, ძვირდება…
წელს „ასკანელს“ 22 000 ტონა ყურძნის მიღება ჰქონდა დაგეგმილი და აქედან დაახლოებით 15 000 საბრენდე ნედლეული უნდა მიგვეღო, საღვინეშიც ყურძნის გაძვირებაც გავლენას იქონიებს, რადგან გამოდის რომ ლარიანი ყურძენი 1.20 ლარი გახდა. ანუ თავის დროზე 1 ლარი იყო მინიმალური ფასი, 20 თეთრი სუბსიდია იყო და 80 თეთრის გადახდა გვიწევდა. 20-თეთრიანი სუბსიდიის მოხსნით, ყურძენი 20%-ით გვიძვირდებოდა. ახლა როდესაც, სუბსიდიაც მოიხსნა და ფასიც გაიზარდა, გამოდის რომ ნედლეული 50%-იანი გაგვიძვირდა. ეს პროდუქტს გაგვიძვირებს, შესაბამისად რეალიზაცია დაეცემა, რაც ღვინის კომპანიებისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხია. საბოლოო ჯამში ალბათ შეგვიმცირდება ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა და დარჩენილი ყურძნის ჩაბარება და მიღება სახელმწიფოს მოუწევს“, – განაცხადა ირაკლი უგლავამ.
კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივი გამოსვლის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილების მოლოდინი ჰქონდათ.
„ცოტა უფრო დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომ მიეღოთ, მაგალითად მხოლოდ სუბსიდია მოეხსნათ და მინიმალური ფასი იგივე დარჩენილიყო, უკეთესი იქნებოდა. აქ ორივე ერთად გაკეთდა – ხარისხიან ყურძენზე ფასი აუწიეს და სუბსიდირება მოიხსნა, რაც ალკოჰოლური კომპანიებისთვის ნედლეულს ძალიან აძვირებს, რასაც ალბათ, მოჰყვება პროდუქციის გაძვირება, რეალიზაციის შემცირება… გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იქნება არ ვიცი.
წელს მხოლოდ სუბსიდიის მოხსნა უკეთესი იქნებოდა, ორივე ერთად კი ალკოჰოლის მწარმოებლებისთვის მძიმე გადასატანი იქნება, ვნახოთ, მომავალი წელი რას გვიჩვენებს“, – განმარტა ირაკლი უგლავამ.
„ასკანელის“ დირექტორი იმასაც ამბობს, რომ სუბსიდირებიდან გასვლის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის ფასის განსაზღვრა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება და კერძო კომპანიებს ნედლეულს უძვირებს. ირაკლი უგლავას შეფასებით, ეს მხოლოდ ფერმერებზე მორგებული გადაწყვეტილებაა და ის, ისურვებდა კერძო კომპანიების აზრი სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღებისას მეტად გაეთვალისწინებინა.
„2 თვის წინ მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და გაჟღერდა, რომ ყურძნის ფასი ხარისხის მიხედვით იქნებოდა, მაგრამ მაშინ დაზუსტებული სქემა რა მექანიზმი იმუშავებდა არ ვიცოდით. ახლა განცხადებული ინფორმაციით, პრაქტიკულად არაკონდიციური ყურძნის გარდა ყველა ტიპის ყურძნის ფასი 1.20 ლარი იქნება. ბაზარი თუ მუშაობს, როცა მინიმალური ფასი 1 ლარია, მაშინ სახელმწიფოს თუ სუბსიდიას ხსნის, ფასის დადგენაშიც არ უნდა ერეოდეს. არის შემთხვევები, როდესაც მაღალ ხარისხიან ყურძენს 2.20 ლარადაც ვიბარებდით. როცა სახელმწიფო გიწესებს ფასს და ამავე დროს სუბსიდიასაც ხსნის, საბაზრო პრინციპებით თამაში აღარ გამოდის, პრაქტიკულად მხოლოდ ფერმერებზე გათვლილი გადაწყვეტილებაა. ფერმერები კმაყოფილები დარჩებიან, ჩვენ კი საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგებით, გაძვირებული სანედლეულო ბაზით… რეალურად კომპანიის ინტერესები უფრო მეტად, რომ გაეთვალისწინებინათ, უკეთესი იქნებოდა.
ამ შეფასების გამოხატვის საშუალება არ გვქონია, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენც ახლა გავიგეთ. ღვინის ეროვნულ სააგენტოში თავის განწყობებს გამოხატავენ კომპანიები, თუმცა არ ვიცი მიღებულ გადაწყვეტილებაში რა შეიცვლება. ამ ნაწილში მგონია, რომ ჩვენი ინტერესები ილახება“, – განაცხადა ირაკლი უგლავამ.
შეგახსენებთ, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სწორედ რთველის სუბსიდიაზე მოდის.
უკვე დამტკიცებული განკარგულებით “ჭარბ ყურძენს” მთავრობა 50 მლნ ლარად შეიძენს.