არც „ეროვნული თვითმყოფადობა“, არც „სახელმწიფო სუვერენიტეტი“, არც „ტერიტორიული მთლიანობა“ დღეს სალომე ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია იმიტომ, რომ ეს მისი სამშობლო არ არის
“როდესაც ის არ ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც საქართველო დგას. კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც საქართველოდან სპეციალური თვითმფრინავით მოხალისეების გაგზავნაზე იყო ლაპარაკი – ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართვას,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
იგი გამოეხმაურა პარლამენტის წინაშე სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ანგარიშს და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი ორივე შვილის დასაქმების სანაცვლოდ არჩევანი გააკეთა მისი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
“მინდა ერთი ციტატა წავიკითხო: „ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. გვაქვს შესაძლებლობა ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ.“
ეს სიტყვები, დაახლოებით, ერთი თვის წინ ითქვა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე და ის ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნდა.
არც ერთი ამ სიტყვათაგან – არც „ეროვნული თვითმყოფადობა“, არც „სახელმწიფო სუვერენიტეტი“, არც „ტერიტორიული მთლიანობა“ დღეს სალომე ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია.
არ სტკივა და იმიტომ. იმიტომ, რომ ეს მისი ქვეყანა, მისი სამშობლო არ არის. უბრალოდ შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს. როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, სამწუხაროდ, ის ერთ-ერთს ირჩევს და მან ეს არჩევანი გააკეთა. გააკეთა ეს არჩევანი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას. გააკეთა ეს არჩევანი მაშინ, როდესაც მისი ორივე შვილი სრულიად მოულოდნელად დააწინაურეს და მაღალ თანამდებობებზე გადაიყვანეს იქ, სადაც არავინ ელოდა და არავითარი დამსახურება არ მიუძღოდათ. და დღეს, როდესაც ის ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკობს, კორუფცია სწორედ ეს არის და სხვა არაფერი,” – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობდა ქვეყნის ომში ჩართვის საშიშროებაზე, თუმცა თვითონ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად არაფერი გაუკეთებია.
“როდესაც ის ამ ტრიბუნიდან არ აჟღერებს იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე მეტად მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის და ლაპარაკობს მხოლოდ იმაზე, რაც მის დამკვეთებს და პატრონებს სჭირდებათ, აი, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი.
ღალატია, როდესაც ის არ ლაპარაკობს იმ საფრთხეზე, ომში ჩართვასთან დაკავშირებით, რომლის წინაშეც საქართველო დგას. კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც საქართველოდან სპეციალური თვითმფრინავით მოხალისეების გაგზავნაზე იყო ლაპარაკი – ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართვას. მას ერთი წუთითაც არ უთქვამს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს სახელმწიფოს, პირიქით, იმათ წისქვილზე ასხამდა წყალს, ვინც ამბობდა, რომ საქართველოს მოხალისეები უნდა გაეგზავნა. იგივე, მისი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით – ეს იყო აბსოლუტურად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო.
რატომ? იმიტომ, რომ მას არ სტკივა ეს ქვეყანა. როგორც თავად თქვა ერთხელ, უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქართველი ხალხი, რომელსაც ვითომ ის წარმოადგენს, მაგრამ ვის წარმოადგენს სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცით. ვიცით როგორ გაიმარჯვა მან და ვიცით მისი პოლიტიკური წონა, რომელიც კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ის დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. და ეს იყო მაშინ, როდესაც მისი პოპულარობა პიკში იყო, როდესაც ეს „ქაჯები მიდიან, მოდიან“ ფრაზები ისროლა და ეგონა, რომ მთელი საქართველო მის მხარეს იდგა, სწორედ მაშინ ვერ გაცდა ის 2%-ს. მთელ საქართველოში, ვერც ერთ საკრებულოში ერთი წევრიც ვერ გაიყვანა. ეს არის მისი პოლიტიკური წონა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ შეცდომა დავუშვით. დიახ, შეცდომა დავუშვით, რადგან ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი ქვეყნის, დღევანდელობისა და იმ წარსულის გამაერთიანებელი იქნება, რომლითაც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. გაიქცნენ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა, ჩვენს წინაპრებს არ დაუტოვებიათ ეს სამშობლო. ჩვენი წინაპრები დარჩნენ, ბევრი მათგანი დაიხვრიტა, ბევრი მათგანი გაციმბირდა. ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის და შექმნეს ქართული კულტურა. იყო ივანე ჯავახიშვილი და ის კათედრაზე გარდაიცვალა, როცა ლექციას კითხულობდა, გალაქტიონ ტაბიძე, რომლის მეუღლეც გადაასახლეს, თუმცა ამ ადამიანებმა შეინარჩუნეს საქართველო.
მე დიდ პატივს ვცემ ემიგრაციას, ვინც უცხოეთში წავიდა, მაგრამ ვერ მივიღებ სალომე ზურაბიშვილისგან სიტყვა დეფიტიზმს ჩვენს ქვეყანასთან და მოქალაქეებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, აქ დარჩნენ და აქ გააგრძელეს ბრძოლა და არა პარიზში, გერმანიასა და სხვაგან. კიდევ ერთხელ პატივისცემა მინდა გამოვხატო ემიგრანტების მიმართ, მაგრამ საქართველო აქ დარჩა და აქ უნდა გადავარჩინოთ ის,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.