სადავო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი აკრიტიკებს „ტრამპის იმედად“ ყოფნას და ეჭვს გამოთქვამს მის „სამართლიანობასთან“ დაკავშირებით, გრენლანდიასა და კანადის შესახებ მისი განცხადებების გამო.
სოზარ სუბარი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ნაბიჯებზე აცხადებს: „როგორც ვერავინ ჩაგვრთო რუსეთის წინააღმდეგ ომში, ასეთივე მტკიცე პოზიცია შეიძლება დავიკავოთ სხვა მეზობლებთან დაკავშირებით“.
ის ასევე ამბობს, რომ საქართველოსთვის „ძალიან მნიშვნელოვანია, მოვიზიდოთ ჩინური ინვესტიციები“ და „თუ ვიღაცას ეს არ მოსწონს, უნდა დავარწმუნოთ ისინი“, ხოლო „თუ ვერ დავარწმუნებთ, მაინც ვცადოთ, ჩვენი პოლიტიკა გავატაროთ“.
„სუვერენიტეტი“
2025 წლის 13 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ტელეწამყვან მაკა ცინცაძესთან გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საქართველო წინა ხელისუფლების პირობებში „ასე თავისუფალი“ არ ყოფილა.
„ხშირად კი ვლაპარაკობთ, „სუვერენიტეტი“, „დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ“, მაგრამ არ არის ეს ჩვენი სუვერენიტეტი ასე”, – განაცხადა მან და დასძინა: „თქვენმა წინა სტუმარმაც [„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია] თქვა, რომ ჩვენ დღეს ვართ ტრამპის იმედად და არა დემოკრატიის და არა სამართლიანობისო“.
ამის შემდეგ სუბარმა განაცხადა: „ტრამპი რამდენად სამართლიანია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ აგერ თურმე მე მჭირდება გრენლანდია, იმიტომ რომ თურმე იქ გვერდით რუსული და ჩინური გემები დაცურავს, გრენლანდიის გვერდით ჩაუვლიათ თურმე და ამიტომ მჭირდება და უნდა შევიერთო, კანადა გუბერნიად უნდა ვაქციო“.