23
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) განცხადებას ეხმაურება და თვლის, რომ მათ “ვერ გაიგეს” და არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია და იღებს პასუხისმგებლობას მმართველი გუნდის ღიაობაზე.
ყველა რეფორმა საერთოდ მტკივნეულია და რა თქმა უნდა, ამხელა რეფორმა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, მტკივნეულია. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში გვყავს “კეთილისმსურველები”, რომლებსაც აღნიშნული საკითხები მიაწოდეს, როგორც მათ აინტერესებდათ.
ალბათ, ბატონი [ჯოზეფ] გარელი ჩამოვა თბილისში, ან ჩვენ ჩავალთ ბრიუსელში. ამ საკითხებზე ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ამ ყველა მოსაზრებას გავუზიარებთ ბატონ გარელს და მთლიანად ჯგუფს, რომელიც ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას.
მთელი ეს განათლების რეფორმა ბევრჯერ და ბევრ საკითხებში არგუმენტებით იქნა გადახედილი, იქნა შეტანილი შენიშვნები და იქნა გადაწყვეტილება შეცვლილი. არ არის პრობლემა, მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ღიაა ამ საკითხისადმი, ასევე უნივერსიტეტთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე ყველა ეს საკითხები იყო განხილული და მე ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად ან ვინმეს ჩართულობა არ იყო, ან ინკლუზიურობა არ იყო, ან არ არის,” – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) საბჭომ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ უმაღლესი განათლების რეფორმებზე შეშფოთება გამოთქვა და შესაძლო იზოლაციაზე მიუთითა.
განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელეს, აღნიშნულია, რომ რეფორმამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედოს საჯარო უნივერსიტეტებზე და შეასუსტოს მათი კავშირი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან.



