საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ეხმიანება 22 ნოემბერს „TV პირველის“ ეთერში „მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ინსტიტუტის შენობის გასხვისებას და მიზნად ისახავდა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას. ამის შესახებ განცხადებას, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, ავრცელებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი ეხმიანება 22 ნოემბერს ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემის – „ნოდარ მელაძის შაბათი “ – სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ინსტიტუტის შენობის გასხვისებას. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ბრალდებები წარმოადგენს დეზინფორმაციას, მიკერძოებულ ინტერპრეტაციასა და ცილისწამებას, რაც არის მცდელობა არსებითად შელახოს როგორც ინსტიტუტის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეპუტაცია.
განსაკუთრებით მიუღებლია ის გარემოება, რომ სიუჟეტში ინსტიტუტის შენობის გასხვისების პროცესი დაუსაბუთებლად იქნა დაკავშირებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიერ კერძო საკუთრების შეძენასთან. ეს წარმოადგენს ცილისწამების კლასიკურ ფორმას, ფაქტების გამოგონებას და მათი საჯარო სივრცეში მიზანმიმართულად დამახინჯებით გავრცელებას. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მტკიცებულებების გარეშე გაჟღერებული მსგავსი „ბრალდება“ არის ჟურნალისტური ეთიკისა და ობიექტურობის უხეში დარღვევა, რომლითაც „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადააბიჯა.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია გავაკეთოთ განმარტება: ინსტიტუტის ყოფილი შენობა წლების განმავლობაში იყო ამორტიზებული, რის გამოც ის ვეღარ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების, სეისმური მდგრადობისა და თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს. შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო იყო მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რისი განხორციელებაც სცდებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებს. ანალოგიურად, ფინანსური რესურსის დეფიციტის გამო ვერ ხერხდებოდა ლაბორატორიების განახლება და ტექნოლოგიური მოდერნიზაციაც.
ამ რეალური გარემოებების გათვალისწინებით, სტრატეგიული გადაწყვეტილება შენობის გასხვისების შესახებ მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2018 წელს (დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ რექტორად, ხოლო კარლო კოპალიანი კანცლერად 2020 წელს აირჩია), რათა მიღებული თანხით ინსტიტუტისთვის სხვა ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე კვლევითი კომპლექსი აშენებულიყო (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის N6/1596 წერილი). 2020 წელს, დავით გურგენიძის რექტორად არჩევის შემდეგ, აკადემიურმა საბჭომ დადგენილებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრივატიზციით მიღებული თანხა სრულად უნდა მოხმარებოდა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სიუჟეტის ავტორმა, სამწუხაროდ, მხოლოდ აკადემიური საბჭოს 2020 წლის დადგენილება, ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი, გამოიყენა, რითაც საზოგადოებას სიმართლე დაუმალა და გამიზნულად გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია უნივერსიტეტის, ინსტიტუტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის შენობის გასხვისებისა და ახალი კორპუსის მშენებლობისთვის მზადების პროცესი სრულად ხორციელდება კანონის, საჯარო ფინანსების მართვის პრინციპებისა და სამშენებლო რეგულაციების დაცვით. ამას ადასტურებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული კანონიერად დამტკიცებული სამშენებლო ნებართვა, რომელიც წარმოადგენს პროექტის განხორციელების ოფიციალურ გარანტიას (2024 წელი, 16 დეკემბერი, N248-04).
გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ მიმართა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალური წერილებით და აცნობა, რომ უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ფაქტობრივი მოსარგებლე იყო ორი დევნილი ოჯახი, რომელთაგან ერთს უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია, ხოლო მეორე ოჯახი ელოდეა სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლი ფართის გადაცემას. უნივერსიტეტმა სააგენტოს მიმართა, რათა კანონის შესაბამისად და უსაფრთხოდ უზრუნველეყო აღნიშნული ოჯახების გაყვანა დაკავებული ფართიდან, მით უმეტეს, რომ არსებობდა ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ შენობა იყო ამორტიზებული, ავარიული და ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, „ნოდარ მელაძის შაბათმა“ აღნიშნული გარემოება უმნიშვნელოდ ჩათვალა, სიუჟეტში არ ასახა და ამგვარად, საზოგადოებას წარუდგინა არასრული ინფორმაცია. ფაქტების დამახინჯებით „ნოდარ მელაძის შაბათმა“ სცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია.
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ გმობს ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ ცრუ და მიკერძოებული ინფორმაციის ტირაჟირებას, რაც არის მიზანმიმართული მცდელობა დააზიანოს როგორც ინსტიტუტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეპუტაცია.
ამასთან ერთად, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი გამოხატავს მზაობას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მედიის წარმომადგენელს, სამართლებრივ ორგანოს თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას გააცნოს ის დოკუმენტაცია, რომელიც სრულად ადასტურებს ინსტიტუტის შენობის გასხვისების პროცესის კანონიერებასა და გამჭვირვალობას“, – აღნიშნულია სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




