„სტუმარმა“ ღვინის ჩაის სატესტო რაოდენობა იაპონიასა და ევროპის ქვეყნებში გაგზავნა

„სტუმარის“ ინოვაციური პროდუქტი – საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის ჩაი ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბუკია ამბობს, მანამდე კომპანიამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა და ამ კონკურსის ფარგლებში 650 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. ამას დაემატა 650 000-ლარიანი თანამონაწილეობის თანხა და სულ ჯამური ინვესტიცია 1 300 000 ლარი იყო.
ამჟამად „სტუმარი“ არსებული ქსელის ზრდა-განვითარებაზე და ასორტიმენტის გაზრდაზე მუშაობს. პროდუქციის სატესტო რაოდენობა უკვე გაგზავნეს იაპონიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ექსპორტის განვითარების კუთხით აქტიურად მუშაობენ.
„კომერსანტი“ „სტუმარის“ დამფუძნებელს ღვინის ჩაის შექმნის, განვითარებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.
როდის და რა ინვესტიციით შეიქმნა „სტუმარი“?
გიორგი ბუკია, „სტუმარის“ დამფუძნებელი: 2017 წელს, კომპანიის დაფუძნების საწყის ეტაპზევე მივიღეთ მონაწილეობა სტარტაპ საქართველოს კონკურსში და გავიმარჯვეთ, როგორც გამორჩეული ქართული ინოვაციური პროდუქტი. კონკურსის ფარგლებში მივიღეთ 100 000-ლარიანი გრანტი. თუმცა, „სტარტაპ საქართველოს“ ისტორიაში პირველად პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზევე დაინტერესდნენ ქართველი ინვესტორები და სახელმწიფო ფინანსები კერძო კაპიტალით ჩანაცვლდა, შედეგად მიღებული გრანტის ათვისება არ მომხდარა.
2020-2021 წლამდე ,,ღვინის ჩაიმ“ გაიარა წარმოების ყველა საჭირო ტექნოლოგიური ეტაპი. წარმოების პროცესის სრულყოფისა და პროდუქტის თვისებების გაუმჯობესების მიზნით მუდმივად მიმდინარეობდა საწარმო ხაზის სხვადასხვა სახით ტესტირება, ხოლო საბოლოო შედეგის მისაღწევად ჩატარებული იქნა 200-მდე ლაბორატორიული ცდა. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა მიგვეღო უნიკალური ფორმულა, რომლის გამოყენებით შექმნილ პროდუქტს გააჩნია ღვინის საგემოვნო და სასარგებლო თვისებები.
2021 წელს „სტუმარმა“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის ფარგლებში კომპანიამ 650 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. ჩვენმა თანამონაწილეობამ შეადგინა 650 000 ლარი და ჯამური ინვესტიცია იყო 1 300 000 ლარი. ამ ინვესტიციის გამოყენება მოხდა საწარმოს აღჭურვისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. შედეგად, კი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
საიდან გაჩნდა ღვინის ჩაის შექმნის იდეა, სად და რა ტექნოლოგიით ამზადებთ?
კომპანიის დაარსებისა და მისი განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა სურვილი, რომ ეფექტურად გამოგვეყენებინა საქართველოში არსებული უნიკალური რესურსები და ამასთანავე წარმოგვედგინა სრულიად ახალი და უნიკალური პროდუქტი. ღვინის ჩაი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისა და ღვინის გადამუშავების შედეგად მიღებული ნედლეულის მაღალტექნოლოგიური გადამუშავებით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის ყურძნის კანი, წიპწა და უალკოჰოლო კონცენტრირებული ღვინო. წარმოების პროცესი მოიცავს 8 ძირითად საფეხურს, რის შედეგადაც ვიღებთ პროდუქტს, რომელსაც გააჩნია როგორც ღვინის საგემოვნო, ასევე სასარგებლო თვისებები. პროდუქტის წარმოება ხდება კომპანიის მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონში.
სად იყიდება ღვინის ჩაი – ონლაინ, თუ მაღაზიებში?
კომპანია „სტუმარი“ და „ღვინის ჩაი“ წარმოდგენილია როგორც თბილისში არსებულ სუპერმარკეტების ქსელებში, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებსა და სასტუმროებში: „გუდვილში“, „ბადაგში“, „ევროპროდუქტში“,„ 8000 მოსავალში“, Duty Free Georgi-ში, „ქართულ კალათაში“ და სხვა. ამასთანავე, პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, Wolt-Market-ის საშუალებით. პროდუქტის ღირებულება სხვადასხვა ობიექტში განსხვავებულია.
დაინტერესება როგორია, ქართველი მომხმარებელი უფრო ინტერესდება, თუ უცხოელები?
ბრენდისა და პროდუქტის მიმართ დაინტერესება მზარდია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროდუქტი სრულიად უნიკალურია და მას არ ჰყავს ანალოგი მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, ღვინის ჩაით ინტერესდება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებელი.
ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა საფერავის ნაცნობი და საყვარელი არომატის აღმოჩენა ჩაის სახით, რომელიც სრულიად უალკოჰოლოა და ამავდროულად ინარჩუნებს ღვინის ყველა სასარგებლო და საგემოვნო თვისებას. უცხოელი მომხმარებლები კი ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, ღვინის ჩაით მიღებული გამორჩეული გამოცდილებით ინტერესდებიან. ჩვენი ძირითადი მიზანია, წარმოებაში ინოვაციის დანერგვის გზით მომხმარებელს შევთავაზოთ არაგენმოდიფიცირებული, ჯანსაღი, სასარგებლო და უნიკალური პროდუქტი, რომელიც გახდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში. ამასთანავე, გვსურს, შევქმნათ გამორჩეული ქართული ბრენდი როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.
ასორტიმენტის გაზრდას, ან ქსელის გაფართოებას ხომ არ გეგმავთ? ექსპორტზე ხომ არ გაგაქვთ ღვინის ჩაი, ან მის ექსპორტზე გატანას ხომ არ აპირებთ?
კომპანია ეტაპობრივად მიყვება სტრატეგიულად დასახულ გეგმებსა და ამოცანებს, რაც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს: არსებული ქსელის ზრდა-განვითარებას, ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე მუშაობას, დამატებითი დანადგარების შეძენას, მომხმარებლებთან აქტიურ კომუნიკაციას, საწარმოს სარემონტო სამუშაოების დასრულებას და ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს უკვე არსებული ქსელის განვითარება და ახალი ობიექტების დამატებაზე მუშაობა, რათა ღვინის ჩაის შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის.
ამასთანავე, ვმუშაობთ ასორტიმენტის ზრდასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზებაზე. ამ მიმართულებით სიახლეებს უახლოეს მომავალში გავაზიარებთ. რაც შეეხება ექსპორტის მიმართულებას, პროდუქციის სატესტო რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა იაპონიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ექსპორტის მიმართულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რისთვისაც ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მოიცავს როგორც ტექნიკური, ასევე საოპერაციო კუთხით პროცესების ოპტიმიზაციასა და წარმოების მასშტაბების გაზრდას.