,,სტუმარმასპინძლობის სფერო ორ ნაწილად არის გაყოფილი: გავრილოვის ღამე და გავრილოვის ღამემდე. ახლა ქართული ტურიზმი აზიურ ბაზარზე გადაწყობას ცდილობს”- შალვა ალავერდაშვილი
სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში დასავლური ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა იკლებს. არადა აქამდე ქართული ტურიზმი, მეტწილად სწორედ მხარჯველთუნარიან სექტორზე იყო მორგებული, ყოველ შემთხვევაში, განვითარების ამ გზაზე მიდიოდა. როგორც გლობალურმა, ისე ადგილობრივმა პოლიტიკურმა და სოციალურმა მოვლენებმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები არჩევანის წინაშე დააყენა: გეზი დასავლეთით თუ ბიზნესის შენარჩუნება და აზიურ ბაზარზე გადაწყობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტები 40%-ით, ინდოეთიდან კი 28%-ით გაიზარდა. მზარდია ტურისტების რაოდენობა ისრაელიდანაც. ამავე პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ისრაელიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 72.9%-ით გაიზარდა და 80,896-ს გაუტოლდა.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორს ამ ეტაპზე, ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინების იმედი ისევ არ აქვს. მეტიც, სასტუმროს მენეჯერები ცდილობენ გარემო ჩინელი და ინდოელი დამსვენებლების ინტერესებს მოარგონ. ალავერდაშვილი ამბობს იმასაც, რომ ბაზარზე სასტუმროების ჭარბი მიწოდებაა, რისი შევსებაც სექტორს ნებისმიერი გზით უწევს.
„ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების მზარდი ნაკადის მოლოდინი ნამდვილად არ გვქონია, ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა ნამდვილად შემცირებულია. გუდაურში საკმაოდ კარგი სეზონი იყო, ევროპელი ტურისტებიც იყვნენ, საკმაოდ ბევრი იყო ისრაელიდან ჩამოსული დამსვენებელი, ამიტომ, ვერავინ იტყვის, რომ გუდაურში სეზონი ჩავარდა.
რეალურად, ჩვენი ტურიზმი აზიურ ბაზარზე გადაწყობას ცდილობს. პირადად ჩემზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემ მართულ სასტუმროებში ტრენინგებს ვატარებ, მაგალითად პერსონალს ვასწავლი აზიელი ტურისტების ფსიქოლოგიას, რა უნდათ პირობითად ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს. ეს პროცესი თანდათანობით განვითარდა, კერძო სექტორი ყოველთვის გამოსავალს ეძებს, რომ საიდანღაც შემოსავალი მიიღოს. როცა ერთი ქვეყნის ბაზარი შენთვის იკეტება, სხვა ქვეყნისგან ცდილობ შემოსავალი მიიღო. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ, რათა ამოვავსოთ ის დანაკლისები, რაც ამჟამად ტურიზმის სექტორს აქვს. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სასტუმრო გაიხსნა, ბაზარზე მიწოდება საკმაოდ გაზრდილია და ბევრი ოთახია, რომელიც ტურისტებით უნდა შეივსოს. ორიენტირი რომ აუცილებლად მხარჯველთუნარიან ტურისტებზე უნდა ვიმუშაოთ, არ არის. ჩვენ ყველა სეგმენტზე მორგებული სასტუმროები გვაქვს. მთავარია, ის ნომრები შევავსოთ, რომელიც ძალიან ბევრია, იმაზე მეტი, ვიდრე გვჭირდება“,- აღნიშნა ალავერდაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
დასავლელი ტურისტული ნაკადის შემცირებასთან ერთად, გახშირდა სასტუმროებში დემპინგურ ფასებზე ლაპარაკიც. შალვა ალავერდაშვილის თქმით, ბიზნესი ახლა თვითგადარჩენის რეჟიმშია, გასულ წელს კი ისტორიულად დაბალ ფასებზე მოუწიათ მუშაობა.
„ფასების მხრივ, თბილისის სასტუმროები გასულ სეზონზე ისტორიულ მინიმუმზე მუშაობდნენ.
სტუმარმასპინძლობის სფერო ორ ნაწილად არის გაყოფილი: „გავრილოვის ღამე“ და „გავრილოვის ღამემდე“. 20 ივნისის შემდეგ ჩვენი ყოველდღიურობა და მუშაობის წესი შეიცვალა; ამას მოჰყვა პანდემია, პოსტპანდემიური პერიოდი, უკრაინის ომი და ასე შემდეგ, შესაბამისად, ჩვენ 2019 წლამდე სხვანაირად ვცდილობდით და სხვა პრიორიტეტები გვქონდა. ცდილობდით ბევრი სიახლე დაგვენერგა და შემოსავალს ნამდვილად არ ვუჩიოდით.; დღეს კი აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. აქამდე თუ დაბანდებულ ფულს 7-8 წელში ვიღებდით, ახლა 25-30 წელია ნავარაუდები, მოგების მარჟაში 70%-იანი კვლევა გვაქვს“,- აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
