სტუდენტური მოძრაობის წევრი ნიკო მანაგაძე დააკავეს

გასულ ღამით, 11-ის ნახევარზე აქციიდან სახლისკენ მიმავალი სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კობახიძის ყოფილი სტუდენტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთთან ადვოკატი მარიამ პატარიძე ადასტურებს. მანაგაძე 173-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ნიკო მანაგაძის დაკავებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზურაბიშვილიც და მომხდარს „ოცნების“ მხრიდან მიმდინარე ტერორის ფარგლებში მორიგი თვითნებური დაკავება უწოდა.
ნიკო მანაგაძეს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა ის რუსთაველზე აქციაზე იმყოფებოდა, დღის 4 საათზე დაურეკეს და 5 საათისთვის გამოკითხვაზე დაიბარეს. რაზეც მანაგაძის პასუხი იყო, რომ ის მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იყო თანახმა.
„აქციიდან წასული, 11-ის ნახევარზე, კოსტავას ქუჩაზე, „სტამბასთან“ ახლოს, მეგობართან, ნიკოლოზ კალანდაძესთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა დააკავეს. 10-მდე პირი მიუახლოვდა, 4-5 პირი იყო უშუალოდ ნიკოს დაკავებაში ჩართული, უმეტესობა ნიღბით და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები. ნიკო საერთოდ ვერც მიხვდა, რომ ესენი შეიძლება სამართალდამცველები ყოფილიყვნენ. მაშინვე ჩასვეს მანქანაში და პირველივე, რაც უთხრეს ჩაჯდომისთანავე, რა გინდოდა, მოსულიყავი დღეს განყოფილებაშიო.
ამის შემდეგ გადაიყვანეს დიღმის სამმართველოში. ერთ-ერთი გამომძიებელი შევიდა მასთან, ესაუბრებოდა უხეშად, მკაცრად, რისთვის დადიხარ და აქციებზე და როდემდე აპირებ სიარულსო“, — ჰყვება მარიამ პატარიძე.
ადვოკატის თქმით, პოლიციის სამმართველოში რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა, რომ ნიკოს ტელეფონი გაეხსნათ. შემდეგ კი, ე.წ. იმედი კოდის გაგების საბაბით, როდესაც ნიკომ თავად განბლოკა ტელეფონი, ხელიდან წაართვეს.
„შეუდგინეს შაბლონად ქცეული მუხლები, თითქოს ნიკო შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და არ ემორჩილებოდა. ანალოგიური სიტუაციაა ნიკოს მეგობარ ნიკოლოზ კალანდაძესთანაც“, — ამბობს ადვოკატი.
ადვოკატ მარიამ პატარიძის ვარაუდით, საქმე სასამართლოში ხვალ 6 საათამდე შევა. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება კი, რომლის ფარგლებშიც ნიკოს იბარებდნენ გამოკითხვაზე, ჯგუფურ ძალადობას შეეხება, თუმცა მანაგაძისთვის დაბარების საფუძველი არ განუმარტავთ.
„ტრადიციული ზარი. განახლდა გამოკითხვებზე ტარების სერიები. პოლიციის მთავარ სამმართველოში ხართ დაბარებული დღეს 17 საათზე და უნდა გამოცხადდეთო. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ 1 საათით ადრე შეტყობინება რა უბედურებაა.
რასთან დაკავშირებით მეთქი და რომ მოხვალთ, აქ გაიგებთ ყველაფერსო. რა თქმა უნდა, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და მხოლოდ იქ გამოვცხადდები. არ ვაპირებ ამათ ხუშტურებზე სიარულს. ვრჩები რუსთაველზე.