სტუდენტური მოძრაობის წევრის თქმით, თსუ-ში ირაკლი კობახიძის კურსი „გაუქმებულია“

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერი, ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი კობახიძის კურსი თსუ-ში გაუქმებულია.
„მაშ ასე, ხვალ პირველი შაბათი დღე იქნება თსუ-ში კობახიძის ლექციის გარეშე – მისი კურსი გაუქმებულია. წინა სემესტრი ძლივს ჩაამთავრა ყოველკვირეული პროტესტების ფონზე და როგორც ჩანს, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტში ამით დასრულდა. მიზანი მიღწეულია. რასაც ვამბობდით, შესრულებულია – ლექტორად წოდებული მხდალი სუბიექტის, რომელიც უნივერსიტეტში ყოველ შაბათს ტიტუშკებით დადიოდა და სტუდენტებზე ორგანიზებულ თავდასხმებს ახორციელებდა, ადგილი უნივერსიტეტში არ არის!“ — წერს მანაგაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციას ირაკლი კობახიძის კურსის გაუქმების შესახებ არ ადასტურებენ.
„გაუქმდა რას ნიშნავს? ყოველ წელს ხდება ცხრილების განახლება. აკადემიურ პერსონალს აქვს ამის უფლება, რომ აიღოს აკადემიური წელი. შესაძლოა აქაც მსგავსი რამ მომხდარიყო. ირაკლი კობახიძის გარეშე კურსს არავინ გააუქმებდა“, — უთხრეს ნეტგაზეთს თსუ-ში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ ამავე უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად აქციების გამართვა რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირების შემდეგ დაიწყო. ის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ლექციებს კონსტიტუციური სამართლის შესახებ ატარებს, მოუწოდებდა, მათთვის განემარტა, რატომ იღებდა მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციურ კანონს.
ამის შემდეგ ნიკო მანაგაძეს არაერთხელ დაესხნენ თავს. 7 ივნისს, ის ლექციის დასრულების შემდეგ ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდამ თავში მძიმე საგანი ჩაარტყა. თვითმხილველებმა გადაიღეს კადრები, სადაც თავდამსხმელები ჩანან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისინი არ დაუკავებია.
მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ 20 აპრილსაც. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა უნივერსიტეტიდან გამოსულ პრემიერ-მინისტრ ს მან “ს მონა” დაუძახა. ნიკო მანაგაძის თქმით, უყურებდა, როგორ სცემდა მას უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ჯგუფი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე