თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტის, თემო ვაჭარაძის ცნობით, უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა დადო პირობა, რომ მასთან და კიდევ ერთ სტუდენტთან ერთად პარასკევს, 22:00 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთობლივი ეთერი შედგება.
მან აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გაავრცელა.
„შეხვედრაზე ვიყავით – მე, ნინი, გიორგი შალუტაშვილი, მაკა ვასაძე, ორი თოქშოუს წარმომადგენელი. პარასკევს, 22:00 საათზე ჩაინიშნა პირდაპირი ეთერი, სადაც სამივემ – მე, ნინიმ და ბატონმა გიორგიმ დავდეთ პირობა, რომ პარასკევს 22:00 საათზე ვიქნებით ეთერში. ვისაუბრებთ პროტესტის გარშემო, რაც ხდებოდა 83 დღის განმავლობაში და ამის შემდეგ. ასევე პროდიუსერმა და ხელმძღვანელმა თქვეს, რომ ხვალ დაიდება ანონსი, რომ გიორგი შალუტაშვილი მოვა ეთერში და სტუდენტებს დაელაპარაკება ლაივში. სამწუხაროდ, ბევრი საუბრის შემდეგ, ბატონი გიორგი არ დაგვთანხმდა აქ ჩამოსვლაზე და სიტყვის თქმაზე და არც ვიდეოს გადაღებაზე, მაგრამ მოწმეა ძალიან ბევრი ადამიანი, რომ მან სიტყვა თქვა. ჩვენ გვახსოვს, ქალბატონმა მაკამაც დაადასტურა რომ ეს სიტყვა ითქვა, ხელი ჩამოვართვით. ხვალ დაიდება ანონსი, რომ გიორგი შალუტაშვილი და ჩვენ ვისხდებით ეთერში”, – თქვა სტუდენტმა.
