სტუდენტებმა თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე, 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, სოლიდარობა გამოუცხადეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსთან სტუდენტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს – თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
სტუდენტები აცხადებენ, რომ თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის დაკავებით ხელისუფლება აქტივისტების დაშინებას ცდილობს.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.
ინფორმაციისთვის, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”.
მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.