სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კარვებს შლიან, სადაც პროტესტის ნიშნად ღამეს გაათევენ. პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტების თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება პროტესტის ადგილი და არა იმ სპეც.რაზმელების, რომლებმაც მოქალაქეები დაარბიეს.
“ეს ის ადგილია, სადაც ორი დღის წინ, სპეც.რაზმი ჯაბა სამუშიამ შემოუშვა და სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში არ შეუშვა.
ჩვენ, აქ ვაგრძელებთ პროტესტს, ეს იქნება პროტესტის ადგილი, სადაც ჩვენ გავშალეთ კარვები, იქნება გადაღობილი და აქ ვიქნებით. ამით გვინდა ვთქვათ, რომ თსუ არის სტუდენტების ადგილი და არა იმ სპეც.რაზმელების ადგილი, რომლებმაც მოქალაქეებზე იძალადეს”, – თქვა სტუდენტმა დათუნა დანელიამ.
სტუდენტების განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრება სიმბოლური დატვირთვისაა და მათივე თქმით, უახლოეს დღეებში სწორედ ამ სივრცეში ჩატარდება ლექციები.
“ჩვენ გადავწყვიტეთ ჯავახიშვილის ეზოში შეკრება, რადგან სიმბოლურია და განათლების კერაა საქართველოში. უნივერსიტეტი უბრალოდ შენობა არ არის, განათლების მიღების საშუალებაა. ამიტომ ამას გარეთ გამოვიტანთ.
ხვალიდან, ზეგიდან აქ ჩატარდება ლექციები, მოხალისე ლექტორებიც არიან, რომლებიც მოვლენ აქ და ახალგაზრდებს ლექციებს ჩაგვიტარებენ”, – განაცხადა სტუდენტმა.
***
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.