სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად „ოცნების“ დეპუტატი აირჩიეს

21 იანვარს, სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, ს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ-ს) რექტორად აირჩიეს ტიტე აროშიძე, “ქართული ოცნების“ წევრი აჭარის სადავო ლეგიტიმაციის მქონე უმაღლესი საბჭოდან.
აროშიძემ აკადემიური საბჭოს 10 წევრის ხმა მიიღო. ერთი ხმა ბათილად ჩაითვალა. საბჭოს წევრებს შორის იყო მისი ძმა, პაატა აროშიძეც. კენჭისყრა ფარული იყო.
ს პარალელურად, ბსუ-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა. „სირცხვილია, სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
აროშიძის კონკურენტი იყო არჩილ გუჩმანიძე – გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე მოქალაქე, იქთიოლოგი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრიტიკოსი. იგი აღნიშნავდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვა მისდამი ზეწოლა და მუქარა.
არჩილ გუჩმანიძე, – დემონსტრაციის მონაწილეების მსგავსად, – მიიჩნევს, რომ ეს ამ უნივერსიტეტისთვის არის „ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები“, რომელიც გადაწყვეტს, ეს სასწავლო დაწესებულება „დარჩება უნივერსიტეტად თუ გადაიქცევა მმართველი პარტიის ოფისად“.
„ეს, რაც ხდება, არის პირდაპირი ჩარევა უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში“, – უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ინგა შამილიშვილმა, ბსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორმა.
„თუ აქამდე ბსუ-ში „ქართული ოცნება“ თავის საქმეებს აკეთებდა შუამავლებით, ახლა პირდაპირ ტიტე აროშიძე დაგვისვეს, რომელიც მთელი ამ [საპროტესტო დემონსტრაციების] განმავლობაში ჩვენი, მათ შორის ბსუ-ს სტუდენტების მარგინალიზებას ცდილობდა“, – ამბობს აქციის მონაწილე, სტუდენტი მათე ცენტერაძე.
რექტორად არჩევის შემდეგ ტიტე აროშიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტის ინტერესი და თითოეული სტუდენტის ინტერესი ყველა დონეზე იქნება გათვალისწინებული.
“მანამდე გახლდით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ვამაყობ ჩემი წარსული გამოცდილებით. მაგრამ უნივერსიტეტის კედლებში როგორც კი შემოვდგამ ფეხს, ჩემი პოლიტიკური აწმყო და მომავალი განსახილველი აღარ იქნება. უნივერსიტეტის ინტერესი და თითოეული სტუდენტის ინტერესი იქნება ყველა დონეზე გათვალისწინებული. ამიტომ შევეცდები, რომ ეს იყოს დაბალანსებული და მთლიანობაში უნივერსიტეტმა შეძლოს, საგანმანათლებლო ფუნქცია იტვირთოს თავიდან ბოლომდე“, – თქვა აროშიძემ.