სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა მანიფესტი გააჟღერა, რითაც ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურსუწოდებენ და საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მანიფესტის თანახმად, ისინი ლეგიტიმურად არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს.
“საქართველოს სტუდენტები ვუერთდებით საერთო სახალხო პროტესტს და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების სისტემურ გაყალბებას, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სახელმწიფო კონსტიტუციას, ინტერესებსა და რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე.
განათლების საკითხებში ხელისუფლების უხეში ჩარევის ფაქტები: დისკრიმინაციული და შერჩევითი გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესში და სწავლების ნაწილში ცენზურის დაწესება განათლებაზე თავდასხმად გვესახება, ხოლო “რუსული” და ცენზურის დამწესებელი კანონებისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავი რეპრესიული ქმედებების ფონზე, არჩევნების სისტემური გაყალბების ფაქტი ცხადყოფს “ქართული ოცნების” მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების უხეშ მცდელობას.
ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება ჩვენი უფლებაა, სახელმწიფო კი ეკუთვნის ხალხს და არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. თუ ხელისუფალი არ პასუხობს ჩვენს ნებას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, პროტესტის გზით შევცვალოთ ის.
საქართველოს სტუდენტები, ვიაზრებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოსა და ერის წინაშე, ვაგრძელებთ ჯერ კიდევ ჩვენამდე დაწყებულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
ისტორიული არჩევანი გაკეთებულია, საქართველო ყოველთვის ირჩევდა და ირჩევს ევროპას, წინსვლასა და განვითარებას. ჩვენ ამ არჩევანის ერთგულებას ვამტკიცებთ. მხარს ვუჭერთ პროტესტის ყველა არაძალადობრივ ფორმას და მოგიწოდებთ სტუდენტებს ერთობისკენ, რადგან ძალა, რომელსაც სასურველი ცვლილების მოტანა შეუძლია, ძალა, რომელსაც ღირსეული სისტემის შექმნა შეუძლია სწორედ ჩვენშია.
ჩვენ არ ვაპირებთ, დავთმოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. საქართველოს სტუდენტები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვრჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფო ინტერესების ერთგული. არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს ლეგიტიმურად და მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის!
გვახსოვდეს, ძალა ერთობაშია და გამარჯვება გარდაუვალია!
ვიბრძვით თავისუფლებისთვის!”, – აღნიშნულია სტუდენტების მიერ გაჟღერებულ მანიფესტში.
მანიფესტს ხელს აწერენ: ილიას უნივერიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნუვერსიტეტი, GIPA-ს უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.