„სტუდენტებიდან დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული, ყველა რეგისტრირდება“ – როგორია მოთხოვნა მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობაზე

მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშებაში რეგისტრაცია საქართველოში ძალიან მოთხოვნადი სერვისია. ბოლო წლებში გაიზარდა საქართველოდან გამარჯვებულთა რიცხვიც.
როგორც „კომერსანტთან“ ამ სერვისზე მომუშავე კერძო პირი გალაქტიონ ესაკია აცხადებს, მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია და რეგისტრაციის მსურველებს შორის ყველა ასაკის ადამიანები არიან.
„4 წელია, რაც მწვანე ბარათების რეგისტრაციაზე ვმუშაობთ. აქედან 3 წლის განმავლობაში ოფისი მხოლოდ თბილისში გვქონდა, 2023 წელს კი ოფისები გავხსენით ქუთაისსა და ბათუმშიც. ასევე მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაციაც. რეგისტრაციის ღირებულება 30 ლარია და მასში ფოტოების საფასურიც შედის,
რაც შეეხება მოთხოვნას, ყოველწლიურად სტაბილურად დიდია. თბილისში წინა წლებთან შედარებით 2023 წელს ცოტათი შემცირებული იყო, თუმცა ძალიან მაღალი იყო ქუთაისში. ბათუმშიც არის მოთხოვნა, მაგრამ არა ისეთი როგორიც თბილისსა და ქუთაისში. ყოველწლიურად მხოლოდ ჩვენ დაახლოებით 1000-იდან 2000-მდე ადამიანს ვარეგისტრირებთ.
სტუდენტებიდან დაწყებული, ხანშიშესული ადამიანებით დამთავრებული, ყველა რეგისტრირდება. მოსულა 70-80 წლის ქალბატონიც, რომელიც დარეგისტრირებულა. უთქვამს, რომ შვილი და შვილიშვილები ამერიკაში ჰყავს და მათთან უნდოდა წასვლა. ასეთი შემთხვევებიც ხშირად არის“, – აღნიშნავს გალაქტიონ ესაკია.
როგორც მან განმარტა, მწვანე ბარათის რეგისტრაცია ყოველი წლის ოქტომბერში იწყება და დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. გათამაშების შედეგები კი მომდევნო წლის მარტში ცხადდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან გამარჯვებულთა რიცხვი ბოლო წლებში 5-6ჯერ არის გაზრდილი.
„2023 წელს ჩვენ მიერ დარეგისტრირებული ადამიანებიდან 43-მა მოიგო. ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით მწვანე ბარათს 55 000-მდე ადამიანი იგებს. რამდენიმე წლის წინ საქართველოდან სულ 500-600 გამარჯვებული იყო, ბოლო წლებში კი ამ რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა“
მისი თქმით, საქართველოში ყველას არ აქვს გააზრებული, თუ კონკრეტულად რისი შესაძლებლობა ეძლევათ მწვანე ბარათის მოგებით და რა პირობების შესრულება მოუწევთ მისი მოგების შემდეგ. დიდი რიგების გამო კი არის იმედგაცრუების შემთხვევებიც.
„უნდა ითქვას, რომ ბევრს არ აქვს გაცნობიერებული ამ ბარათის „მუღამი“. ჰგონიათ, რომ ეს არის ვიზის სახე, რომლითაც რაღაც პერიოდით შეძლებენ ამერიკაში წასვლას, მაგრამ ამ ბარათით სარგებლობას თავისი განსაზღვრული პირობები აქვს. მაგალითად 5 წლის განმავლობაში, 6 თვით ქვეყანაში დარჩენა, რაც ზოგისთვის არ არის მისაღები და ამის გამო აღარ იყენებენ მოგებულ ბარათს.
ასევე, უკვე ბოლო წლებში ხშირია რიგების პრობლემის გამო გამარჯვებულების იმედგაცრუების შემთხვევებიც. მსოფლიოდან ათიათასობით ადამიანი გადის საელჩოებში გასაუბრებას და შესაბამის პროცედურებს ამერიკაში გასამგზავრებლად, შესაბამისად, იქმნება რიგები. მათგან 3000 რომ ქართველი იყოს, გამოდის რომ სხვა ქვეყნებს აკლდებათ რაოდენობა. გარკვეულ ლიმიტებზე არსებობს ქვეყნებს შორის შეთანხმება და ამის მიხედვით ხდება მოქალაქეების გაშვება. შესაბამისად, ყველა ვინც იგებს, ვერ ახერხებს გამგზავრებას“, – განაცხადა გალაქტიონ ესაკიამ.
როგორც მან აღნიშნა, ემიგრაციის ზოგადი მაჩვენებლიდან გამომდინარე, წელსაც გათამაშებაში რეგისტრაციაზე მაღალ მოთხოვნას ელიან.