საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა და ვებ-გვერდზე ატვირთა კითხვები, რომლებსაც ქართული ოცნების მთავრობამ უნდა უპასუხოს.
საქმე ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და მის თანმდევ დარღვევებს.
ნონა ქურდოვანიძის თანახმად, ერთ-ერთი კითხვა ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლსაც, რომლის დარღვევა დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით.
პუბლიკა აქვეყნებს სტრასბურგის სასამართლოს კითხვებს, რომლებსაც ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტრომ უნდა უპასუხოს და გადაგზავნოს:
1. აღეკვეთა თუ არა განმცხადებელს (მზია ამაღლობელს) უფლება კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) 1 პუნქტის დარღვევით? კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა მისი დაპატიმრება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტს, ანუ იყო თუ არა გამართლებული და გონივრულ ეჭვს დაფუძნებული?
2. წარმოადგინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, რომლებიც დაასაბუთებდა განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის როგორც თავდაპირველ, ისე გაგრძელებულ ვადას, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით? განიხილეს თუ არა მათ გახანგრძლივებული პატიმრობის ალტერნატიული ზომები?
