უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის საგანგებო ტრიბუნალის დაფუძნების შესახებ, რომელიც მოიცავს აგრეთვე სტატუტს საგანგებო ტრიბუნალის შესახებ.
24 ივნისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც შედგება ევროსაბჭოს წევრი 46 ქვეყნისგან, გენერალურ მდივანს მიანიჭა აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება.
„ეს ისტორიული ხელმოწერა შეგვახსენებს, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ეხებოდეს ყველას – გამონაკლისის გარეშე და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე.
ეს არის ტრიბუნალი, რომელიც განსჯის მსხვერპლსა და აგრესორს შორის, დაუსჯელობასა და პასუხისმგებლობას შორის, ვინაიდან პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იყოს ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისა და მთელი ევროპისთვის“ – განაცხადა ალენ ბერსემ.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრიბუნალის შექმნას სამართლის მიღწევის “რეალურ შანსად” აფასებს:
„თითოეულმა ომის დამნაშავემ უნდა იცოდეს: იქნება სამართალი და ის მოიცავს რუსეთს. პოლიტიკურად დიდ პროგრესს მივაღწიეთ და მადლიერი ვარ ევროსაბჭოსი და ყველასი, ვინც ლიდერობა აჩვენა. სამართალს დრო სჭირდება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ის უნდა შედგეს. დღევანდელი შეთანხმება და ეს ტრიბუნალი გვაძლევს რეალურ შანსს მივაღწიოთ სამართალს აგრესიის დანაშაულისთვის. სხვა ინსტიტუტებს არ გააჩნიათ ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ: აგრესიას მოსდევს სასჯელი და ეს ერთად უნდა განვახორციელოთ“.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მალტის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ბორგმა განაცხადა:
„დღევანდელი შეთანხმება არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ კანონისმიერ მკაფიოობასა და პოლიტიკურ გამბედაობაზე დაფუძნებული ნამდვილი საერთაშორისო თანამშრომლობით შესაძლებელია იმის მიღწევა, რაც აქამდე დაუჯერებლად ჩანდა. ევროსაბჭოს სწრაფი, პრინციპული და განუხრელი პასუხით კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი მტკიცე რელევანტურობა და მორალური ავტორიტეტი ევროპაში და მის მიღმა“.
25 ივნისის ხელმოწერის შემდეგ, დაინტერესებული მხარეები – ევროსაბჭოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოები მთელი მსოფლიოდან, აგრეთვე ევროკავშირი განიხილავენ საგანგებო ტრიბუნალის მართვის შესახებ მხარეთა გაფართოებულ შეთანხმებაზე (EPA) მიერთების საკითხს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფოები გამოხატავენ მონაწილეობის სურვილს, მინისტრთა კომიტეტს შეეძლება განაახლოს მუშაობა მხარეთა გარათოებული შეთანხმების განხორციელებაზე.
ევროსაბჭოსა და უკრაინას შორის შეთანხმებაში წერია, რომ საგანგებო ტრიბუნალის შექმნა „არის ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაყენებლად იმ პირთა საქმეზე, ვისაც ეკისრება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის და იმავე პირების მიმართ ეროვნულ დონეზე მართლმსაჯულების განხორციელების დუბლირების თავიდან ასაცილებლად“.
ევროსაბჭოს ოფიციალურ საიტზე განმარტებულია, რომ “აგრესიის დანაშაულს სჩადიან სახელმწიფოს ლიდერები ომის დაწყებით ან დაგეგმვით. ეს ითვლება “ლიდერთა დანაშაულად”, რაც ნიშნავს, რომ ეხებათ ძალაუფლებაში მყოფ პირებს, რომლებმაც ომის დაწყებაზე გადაწყვეტილება მიიღეს ან ხელი შეუწყეს მის მიღებას”.
შესაბამისად, ტრიბუნალი ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებზე, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დაგეგმვაზე, მომზადებაზე, წამოწყებაზე ან განხორციელებაზე.
აგრესიის დანაშაული მოიცავს გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, გაეროს ქარტიის დარღვევით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქცია ვრცელდება უკრაინაში ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდის დანაშაულების გამოძიებაზე. თუმცა, ICC-ს ამჟამად არ შეუძლია აგრესიის დანაშაულის გამოძიება, ამ შემთხვევაში იურისდიქციის მხრივ არსებული შეზღუდვების გამო. საგანგებო ტრიბუნალი შეავსებს ამ სიცარიელეს.
საგანგებო ტრიბუნალის დაფუძნება 2025 წლის 13 მაისს მოითხოვა უკრაინის ხელისუფლებამ და მომდევნო დღეს დადგა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ლუქსემბურგში.
უკრაინა ევროსაბჭოს წევრია 1995 წლიდან და ამ ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.
სტრასბურგში შეთანხმების ხელმოწერამდე შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ალენ ბერსეს შორის შეხვედრა, რომელზეც შეაჯამეს საგანგებო ტრიბუნალის შექმნის კუთხით მიღწეული პროგრესი.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო საგანგებო ტრიბუნალის სტატუტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც: სახელმწიფოს მეთაურს, მთავრობის მეთაურსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დაეკისრებათ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა – პერსონალური იმუნიტეტის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას თანამდებობების დატოვების შემთხვევაშიც კი.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელ რუსებსა და მათ თანამზრახველებს განსჯიან ჰააგაში – სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ქალაქში.
„დღევანდელი შეთანხმება და ეს ტრიბუნალი გვაძლევს რეალურ შანსს უზრუნველვყოთ აგრესიის დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა. სხვა ინსტიტუტებს, საერთაშორისოებსაც კი არ გააჩნიათ ამისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები. ჩვენი გზავნილი უნდა იყოს მკაფიო” – განაცხადა 25 ივნისს ზელენსკიმ.
“ჩვენი გზავნილი უნდა იყოს მკაფიო: აგრესიას მივყავართ სასჯელამდე და ჩვენ ეს ერთად უნდა განვახორციელოთ – როგორც მთელმა ევროპამ.
საგანგებო ტრიბუნალი ითანამშრომლებს აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC). ორივე ინსტიტუტს ექნება გამოძიების შესაძლებლობა, ერთმანეთის საქმეში ჩაურევლობის პრინციპის დაცვით:
“უკვე 11 წელი გავიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან და სამ წელიწადზე მეტი სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. ყოველ ინსტიტუტს თავისი როლი აქვს. ევროსაბჭოსთვის ასეთი როლი არის სამართალი და პასუხისმგებლობა.
საგანგებო ტრიბუნალის დაფუძნების მომზადებაში ჩართული სახელმწიფოა 39 ქვეყანა, ევროკავშირი და ევროსაბჭო. მოსამზადებელი პროცესი ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. 2025 წლის 9 მაისს, ლვოვში სახელმწიფოთა კოალიციამ ოფიციალურა დააყენა საგანგებო ტრიბუნალის შექმნის საკითხი.
ფორუმი
