საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში 22 დაინტერესებული მხარე ჩაერთო, მათგან ცხრამ კი წერილობითი პოზიცია წარადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების ასეთი დაინტერესება მიუთითებს, საკითხი მნიშვნელოვანია და მისი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფართო ინტერპრეტაციასა და სასამართლოს პრაქტიკის განვითარებაზე”
საია-ს ცნობით, ყველა წარდგენილი მოსაზრება ემთხვევა მათი, ანუ მომჩივნის პოზიციას.
“მომჩივნები, ისევე როგორც მესამე მხარედ ჩართული პირები, მიუთითებენ, რომ “რუსული კანონი” არ არის იზოლირებული საკითხი და შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები, განსაკუთრებით “უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი” და ცვლილებები “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში, წარმოადგენს იმ სამართლებრივი ჩარჩოს გაგრძელებას, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით დაიწყო”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია-ს ინფორმაციით:
· ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წარდგენილ პოზიციაში აღნიშნა, რომ ტერმინი ,,უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ხელისუფლებისა თუ პროსამთავრობო ჯგუფების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიად“ და ე.წ. „Deep State”-ად გამოცხადება უკვე ატარებს დამღუპველ ეფექტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე საქართველოში. Alliance Defending Freedom International-ის პოზიციით, ,,რუსული კანონი“ წარმოადგენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობას, რომლის მსგავსიც მოქმედებს რუსეთში, ინდოეთსა თუ ჩინეთში.
· ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ ,,რუსული კანონი“ არის ფართო და ბუნდოვანი, რომელიც შესაბამის უწყებებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას. Crew Against Torture ასევე მიუთითებს, რომ კანონი აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის პრინციპს, ხოლო Media Defence-ის პოზიციით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
· უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას, ხოლო „International Network of Civil Liberties' Organizations“-ის წევრების პოზიციით, ,,რუსული კანონი“ ჰგავს იმ შემზღუდველ კანონებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მიიღეს და ამ კანონის მოქმედება შეუქცევადად ახდენს გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე მაშინაც კი, თუ ისინი მათ მიმართ არ გამოიყენება.
· ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და Memorial Human Rights Defence Center-მა განმარტა, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“), რადგანაც რუსეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ განვითარებული მოვლენები გადაიქცა ტოტალიტარული რეჟიმის მაგალითად. Amnesty International-ის მოსაზრებით, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ გამოხატავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა.
მესამე მხარედ ჩართული პირები სასამართლოში არ წარმოადგენენ მხარეს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკითხის სამართლებრივ, აკადემიურ თუ თეორიული განხილვაში. საია-ში აცხადებენ, რომ “რიგ შემთხვევებში სასამართლო მეგობრის დასკვნა ემთხვევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსს”.




