სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას უფლებები დაირღვა მასთან დაკავშირებულ ცილისწამების საქმეში და აზერბაიჯანის ხელისუფლება ვალდებულია ჟურნალისტს გადაუხადოს კომპენსაცია 5100 ევროს ოდენობით.
2015 წლის თებერვალში აზერბაიჯანის სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვა დამნაშავედ ცნო ცილისწამებაში ყოფილი ოპოზიციონერის, ელმან გასანოვის (ტიურქოღლუ) მიმართ და მას 2500 მანათის (დაახლოებით 1650 დოლარის) ჯარიმა შეუფარდა. ჟურნალისტის ადვოკატებმა გაასაჩივრეს გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2016 წლის ივნისში ისმაილოვა ამნისტიით გაათავისუფლეს და ჯარიმის გადახდა მოეხსნა.
სტრასბურგის სასამართლომ 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ისმაილოვას საჩივარს აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ გამოტანილი ცილისწამების განაჩენის შესახებ. ისმაილოვა მიიჩნევდა, რომ განაჩენი უსამართლო იყო, რადგან იგი ეფუძნებოდა კერძო სარჩელს და დადასტურდა როგორც ბაქოს სააპელაციო სასამართლოში, ისე უზენაეს სასამართლოში.
ევროსასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა ჟურნალისტის „სამართლიანი სასამართლოს უფლება“, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით. სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ვალდებულად ცნო გადაუხადოს ისმაილოვას 3600 ევრო მორალური ზიანისთვის და 1500 ევრო სასამართლო ხარჯებისთვის.
როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, ადვოკატმა ფარიზ ნამაზლიმ, რომელიც ისმაილოვას ინტერესებს იცავდა, განმარტა, რომ მიუხედავად ამნისტიისა და ჯარიმის გაუქმებისა, ეს გადაწყვეტილება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჟურნალისტის პროფესიული რეპუტაციის რეაბილიტაციის თვალსაზრისით.
ხადიჯა ისმაილოვა ცნობილია აზერბაიჯანში კორუფციული ფაქტების შესახებ გამოძიებებით. 2015 წლის სექტემბერში სასამართლომ მას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით, რასაც ჟურნალისტი არ აღიარებდა.
